საქართველოს 18-წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და თავისი საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა.
ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაშის მოგების შემდეგ, თასის მეოთხედფინალში ბელგიას შევხვდით და ოთხი წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში, მერე ბურთი მოვიპოვეთ, დავით ნინიაშვილმა ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო თავადვე გარდასახა. მერე იაგო ხაბულიანმა გაჭრა და ტაიმი 14:0 მოვიგეთ, თუმცა მატჩის განახლებისთანავე, ნინიაშვილს ჰაერში უხეშ ბოჭვაში დასდეს ბრალი და წითელი ბარათით გააძევეს.
მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, დაცვაში სწრაფი გადაწყობით ბურთი მოვიპოვეთ, ბექა შვანგირაძე ფრთაზე მბოჭავს გაექცა და მესამე ლელო გაიტანა, თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 21:5.
თასის ნახევარფინალში ესპანეთს შევხვდით, რომელიც სწრაფად ათამაშებდა ბურთს. დაცვაში დიდი დროის გატარების შემდეგ ბურთი მოვიპოვეთ და ხელდახელ შეტევა ლაშა კაკაურიძის ლელოთი დასრულდა, რასაც თავადვე ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ესპანეთმა პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ლელო გაქვითა, მეორე ტაიმიც შეტევებში გაატარა და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მოყვა.
მეტოქემ სცადა, რომ საქართველო 22-იდან არ გაეშვა, თუმცა კაკაურიძემ მოშიშვლებული ზურგი შენიშნა, ფეხით გადაკიდებულს მიყვა და 75-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო გარდასახვით საქართველო დაწინაურდა. სამწუხაროდ, გაწითლებულ დროზე ესპანელებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს, 19:14 იმარჯვეს ფინალში ისინი გავიდნენ.
მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შევხვდით და ირაკლი ბებიამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში დაშვებული ორი შეცდომა, ორ გარდასახულ ლელოდ დაგვიჯდა და მართალია ბოლოს ნინიაშვილმაც შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ ფრანგებმა გარდასახვებით 14:10 მოიგეს.
საქართველოს 18-წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, მის მიერ გუშინ 31:7 ძლეულმა ირლანდიამ კი, ფინალში ესპანეთს 26:12 მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.