„საბურთალო“ მეორე ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა.
2016-2017 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატებთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა – შინ 0:1, ხოლო სტუმრად 0:2. ისტორია ამჯერადაც გამეორდა და ბალკანელებმა თბილისში ისევ მოიგეს.
„დინამო“ ხორვატიის ყველაზე ტიტულიანი კლუბია – ქვეყნის ჩემპიონატი 21-ჯერ მოიგო, რაც რეკორდია და ბოლო 13 სეზონის განმავლობაში ოქროს მედლებს არავის უთმობს.
ზაგრებელებმა ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფში ბოლო წლებში ხშირად ხვდებიან. ისინი გასულ სეზონში ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ორი მატჩის ჯამში პორტუგალიის „ბენფიკასთან“ დამარცხდნენ.
ხორვატები თბილისში დანი ოლმოს, ფრანსის მუბანჯის, კევინ თეოფილ-კატერინის, ემირ დილავერის, კომნენ ანდრიჩის, სადეგ მოჰარამისა და დანიელ ზაგორაჩის გარეშე ჩამოვიდნენ.
მთავარი დანაკლისი ოლმოა, რომელმაც ივნისში ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირზე 3 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე პასი გააკეთა.
„შერიფთან“ საპასუხო მატჩთან შედარებით „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – თორნიკე გორგიაშვილი ნახევარდაცვაში კენიელმა ელვინ ტერამ ჩაანაცვლა.
მატჩის დებიუტში უპირატესობას “საბურთალო“ დაეუფლა, რომელიც თავის ტრადიციულ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ხორვატები უკანა ხაზში ძალიან ყურადღებით ირჯებოდნენ და მეტოქეს საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.
მე-20 წუთზე, ლაკვეხელიანმა მარცხნიდან მეტოქის კარის შორეულ ძელთან მყოფ დიასამიძეს კარგი გადაცემა გაუკეთა და სტუმართა მცველმა ზაგრებელები აშკარა ხიფათს აარიდა.
ორ წუთში ლაკვეხელიანმა წამოიწყო თავის ნახევრიდან იერიში და დიასამიძემ მოძებნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ერთ ხორვატს გასცდა და მარცხენათი სუსტად დაარტყა – ლივაკოვიჩი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
25-ე წუთზე მალი თავისი ნახევრიდან შეტევას იწყებდა, მაგრამ ბურთი დაკარგა და სტუმრების კონტრიერიში გოიაკმა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით დაასრულა, მაგრამ მიგინეიშვილი ფხიზლად იყო.
29-ე წუთზე, ვაგნერმა მარჯვენა ფლანგზე გახსნილი დიასამიძე მოძებნა, რომელიც ცრუ მოძრაობით მოწინააღმდეგეს გაექცა და საჯარიმოში პასი ალთუნაშვილს მისვა – ამ უკანასკნელს ზუსტად დარტყმაში ხელი ხორვატმა შეუშალა. საბურთალოელებმა მსაჯს მიუთითეს, რომ სტუმარმა მცველმა თამაშის წესი დაარღვია, მაგრამ ამაოდ.
38-ე წუთზე, დიასამიძემ შორიდან „გაისროლა“ და ლივაკოვიჩი ბურთს ადგილზე დახვდა. ცოტა ხანში, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა გავრანოვიჩმა საუცხოო სოლო რეიდი განახორციელა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – ბურთს მიმართულება ტერამ შეუცვალა, რომელიც სტუმართა ფორვარდს ფეხებში ჩაუვარდა და „საბურთალო“ გოლის გაშვებისგან იხსნა.
42-ე წუთზე, მსაჯმა კოხრეიძეზე თამაშის წესი დარღვევა დააფიქსირა და ყვითელი ბარათი აჩვენა, რის გამო, თბილისელთა ერთ-ერთი ლიდერი საპასუხო მატჩს გამოტოვებს. პირველი ტაიმი გატანილო გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ლაკვეხელიანმა მარცხენა ფლანგიდან გრძელი გადაცემით ზაგრებელთა საჯარიმოში მყოფი როლოვიჩი მოძებნა, რომლის თავურის მერე, ლივაკოვიჩმა ნახტომში „დინამო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ტაიმის შუაწელში ჰაიროვიჩმა შეტევი მარჯვენა ფრთაზე ლაკვეხელიანს გასცდა და თბილისელთა კართან ახლოს მდგომი ორშიჩი მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა – 0:1.
72-ე წუთზე, გონსალვესმა შეტევაში მალი ჩართო, რომელმაც მარჯვნიდან ჩააწოდა და სტუმართა საჯარიმოში აღმოჩენილმა კოხრეიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, თუმცა ბურთი ხორვატების მცველს მოხვდა.
76-ე წუთზე, ორშიჩი მარგველაშვილს „გაეპარა“ და საჯარიმოში შესული კარში არტყამდა, რა დროსაც საბურთალოელთა მცველი შეეცადა მისთვის „დაეფარებინა“ – მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც პეტკოვიჩმა გოლად აქცია.
83-ე წუთზე „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს გონსალვესმა „ფეხზე დაასვა“ ბურთი კარის წინ მდგომ როლოვიჩს, რომელმაც ასპროცენტიანუ მომენტი გაააფუჭა. თუმცა, მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მატჩის მიწურულს კაძიორმა თავით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მიიჩნია, რომ სტუმართა ფეხბურთელმა თამაშის წესი დაარღვია.
საპასუხო შეხვედრა ზაგრებში 30 ივლისს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება, რადგან ზაგრებელთა გულშემატკივრები არასათანადო საქციელისთვის უეფამ დასაჯა.
„საბურთალო“ (თბილისი) – „დინამო“ (ზაგრები) 0:2 (0:0)
თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„საბურთალო“: მიგინეიშვილი, მალი, რეხვიაშვილი, ალთუნაშვილი (გაბედავა, 70), ტერა (კაკუბავა, 57), გონსალვესი, მარგველაშვილი (კ), ლაკვეხელიანი, დიასამიძე (ცნობილაძე, 82), კოხრეიძე, როლოვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
„დინამო“: ლივაკოვიჩი, ადემი (კ), პინტუ (სიტუმი, 50), ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი, 68), გოიაკი (სუნჯიჩი, 86), ლეოვაცი, ლეშკოვიჩი, პერიჩი, კაძიორი, ორშიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ნენად ბიელიცა
გოლი: 0:1 ორშიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78)
გაფრთხილება: ლაკვეხელიანი (27), კოხრეიძე (42), კაძიორა (44), ლეოვაცი (59), მარგველაშვილი (76), როლოვიჩი (76), გოიაკი (84), გაბედავა (90+2)
მთავარი მსაჯი: პეტერ არდელეანუ (ჩეხეთი)