ევრო-2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები გამოვლინდა

0
99

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, სადაც მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი გვეყოლება, ხოლო მესამე მეტოქე შვეიცარია იქნება, ისლანდია თუ პორტუგალია, 21 აგვისტოს გავიგებთ, როცა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდება.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა – სახლის პრინციპით.

აღსანიშნავია, რომ როგორც ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველო (ჩეხეთიც, გერმანიაც და იტალიაც) საკვალიფიკაციო ტურნირში საკონკურსო პირობების გარეშე იასპარეზებს. ანუ E ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გავა საქართველო (რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავოს) და ჯგუფის დანარჩენი 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. ანალოგიურად, ჯგუფებიდან გასულები არიან, მაგრამ საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს მაინც გამართავენ ევრობასკეტ 2021-ის დანარჩენი მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები – გერმანია, ჩეხეთი და იტალია.

ევრობასკეტის მასპინძელთა საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის გადაწყვეტილება ფიბა-მ იმისთვის მიიღო, რომ საქართველოს, იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობებში.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა გახლდათ.