გილოცავთ, საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს!

0
62

საქართველო ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს!

ეს ამბავი დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა გამოაცხადა. გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად საქართველო იქნება მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი. ამ ოთხ ქვეყანაში ევრობასკეტის თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს, ჯგუფებიდან გასული გუნდების შემადგენლობით გერმანია უმასპინძლებს.

მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესწრებოდნენ.

გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა საქართველო დაასახელა, რასაც ქართული დელეგაცია დიდი ემოციებით შეხვდა. თურგაი დემირელმა  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად საქართველოს ევრობასკეტის მასპინძლობა მიულოცა:

ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ტურნირის მიმდინარეობისას, დარწმუნებული ვარ, ყველა პირობას შეასრულებთ. ასე რომ, მთელი ფიბა-ევროპის სახელით გილოცავთ!