ლეო მესიმ მედალი არ აიღო

0
49
“კოპა ამერიკაზე” მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინის ნაკრებმა ჩილეს 2:1 სძლია.
შეხვედრის მთავარი პერსონაჟი და გმირი პარაგვაელი მსაჯი მარიო დიას დე ვივარი გახლდათ.
მე-17 წუთზე ლა როხას თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ალბისელესტე სერხიო აგუეროსა და პაულუ დიბალას გოლებით 22-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა, 37-ე წუთზე კი გარი მედელი ლეო მესის ორჯერ მიზანმიმართულად შეეჯახა, არბიტრმა მტყუან-მართალი არ გაარჩია, “პიტბულის” პროვოკაციული საქციელი არ გაითვალისწინა და ორივე გააძევა.
მესი ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას მეორედ გააძევეს – პირველად 2005 წელს სადებიუტო შეხვედრაში უნგრეთთან.
59-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსომ ჩარლეს არანგისი საჯარიმოს ხაზზე მოცელა და მსაჯმა საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ვიდალმა გამოიყენა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და არგენტინამ გაიმარჯვა.
ლეო მესი პროტესტის ნიშნად დაჯილდოებაზე არ გავიდა და კონმებოლი (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) კორუფციაში დაადანაშაულა.
“მე მედლის მისაღებად არ გავედი, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ კორუფციისა და უპატივცემულობის ნაწილი. ჩვენ მეტს ვიმსახურებთ, მაგრამ ფინალში გასვლის უფლება არ მოგვცეს.
კორუფციამ და მსაჯებმა გულშემატკივრებს ფეხბურთით სიამოვნების მიღების საშუალება არ მისცეს. ფეხბურთი დანგრეულია. სიმართლის თქმაა საჭირო.
ტურნირს ბრაზილია მოიგებს? ეს საეჭვო არ არის.
სამწუხაროდ, აქ ყველაფერი ბრაზილიის ხელშესაწყობადაა მოწყობილი. მსაჯები ყველა იდიოტურ გადაწყვეტილებას ბრაზილიის სასარგებლოდ იღებენ. იქნებ კონმებოლმა რაიმე მოიმოქმედოს, თუმცა არა, ბრაზილიას ამ ორგანიზაციაში ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს.
იმედია, მსაჯები და ვიდეოგამეორება ხელს ვერ შეუშლის და პერუ მასპინძლებს ბრძოლას გაუმართავს, ამ გუნდს ეს შეუძლია. თუმცა, ვხედავ, ამის გაკეთება რთული იქნება.
გაძევება? მსაჯს შეეძლო ორივესთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. ეს საკმარისი იქნებოდა. მთავარია, გუნდმა კარგად დაასრულა ტურნირი. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბოლომდე ვერ ვითამაშე, მთლინობაში კი მშვიდად გახლავართ. ტურნირს თავაწეულნი ვტოვებთ, გუნდით ვამაყობ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა. ბოლოს ჩვენ სკალონისთან ერთად ჩვენს თამაშს მივაგენით”, – განაცხადა მესიმ.

 

სან პაულუ. “კორინთიანსი”
არგენტინა – ჩილე 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 ვიდალი (59, პენ).
არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო, პაცელა, ფოიტი, პარედესი, დე პაული, ლო ჩელსო (ფუნეს მორი 90), აგუერო (სუარესი 81), დიბალა (დი მარია 67), მესი.
ჩილე: არიასი, ისლა, დიასი, ხარა (მარიპანი 50), ბოსეჟური, ვიდალი, არანგისი (კასტილიო 83), სანჩესი (ფერნანდესი 17), პულგარი, ვარგასი, მედელი.
გაძევება: მედელი (37), მესი (37).