არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალშია. რიოში, „მარაკანაზე“ „ალბისელესტე“ ვენესუელას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას გადააწყდა, მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შეხვედრა ლიონელ სკალონის გუნდისთვის დიდებულად დაიწყო და უკვე მეათე წუთზე დაწინაურდა. მანამდეც, არგენტინა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და გოლიც ოლგიკური იყო. გოლი, რომელიც ბრწყინვალე გამოდგა – ლაუტარო მარტინესმა ეფექტურად ითამაშა და ქუსლით მოახერხა ვილკერ ფარინესის კარის აღება. ვენესუელამ სწრაფმა გოლმა განსაკუთრებულად ვერ დათრგუნა და რაფაელ დუდამელის გუნდი თავის შანსს დაელოდა. მეორე ტაიმში ეს შანსი მიიღეს კიდეც, მაგრამ ფრანკო არმანიმ არგენტინა გადაარჩინა.
თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე სკალონის შეგირდებმა უპირატესობა განიმტკიცეს და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს. კუნ აგუეროს არცთუ სახიფათო დარტყმის მერე ფარინესი საშინლად გაისარჯა და ჯოვანი ლო სელსომ ცარიელ კარში გაიტანა – 2:0.
არგენტინა ნახევარფინალშია და წინ სუპერმატჩი გველოდება. 3 ივლისს, საფეხბურთო კლასიკა შედგება ბრაზილიასა და არგენტინას შორის.