სამი ლელო “ქურციკებთან”

0
81

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკას სამი ლელო გაუტანეს და ჯამში 20 ქულა აიღეს, მაგრამ ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა 48:20 იმარჯვა.

დაახლოებით ორი თვის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს მოსამზადებელ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთ აფრიკამ 58:10 იმარჯვა. ახლა სხვაობა მთელი 20 ქულით შემცირდა და ახალ ზელანდიასთან შეხვედრის მსგავსად, ჩვენი გუნდი თამაშში თითქმის 1 საათი დარჩა. ეს კი დარჩენილ სამ შეხვედრაში, სადაც შედარებით სუსტ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ხარისხის და შედეგის გაუმჯობესების იმედს იძლევა. შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნების მიზანი 12 უძლიერესს შორის ადგილის შენარჩუნებაა, ამისათვის კი მეოთხე, ან მეხუთე თამაშის მოგება გვმართებს.

ჩვენმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და ანგარიშის გახსნის შანსი თედო აბჟანდაძეს ჰქონდა, მაგრამ კიდიდან დარტყმული ჯარიმა კარში არ გავიდა. სამხრეთ აფრიკამ მე-9 წუთზე შეძლო შეხვედრის პირველი ლელოს გატანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და მეტოქე 7:0 დაწინაურდა.

ამის შემდეგ საქართველო სრულად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქცია და შეცდომების დაშვება აიძულა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და სამხრეთ აფრიკის 22-ში დიდი დრო გაატარა. ამან შედეგი 26-ე წუთზე გამოიღო. ჯარიმის ნაცვლად აღებული შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიშალა, ოთარ ლაშხმა გრძელი გადაცემა შეირგო, მბოჭავს დაუსხლტა და საპასუხო ლელო გაიტანა. აბჟანდაძეს გარდასახვით შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა – 5:7.

ორიოდე წუთში იოანე იაშაღაშვილზე სახიფათო ბოჭვის გამო სამხრეთ აფრიკელი მორაგბე სინბინით დაისაჯა, მაგრამ ტაიმის დასკვნით წუთებში შეცდომები მოგვიმრავლდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა, ორი ლელო გაიტანა და შესვენების წინ 21:5 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა კარის წინ 22 მეტრში დააჯარიმა და აბჟანდაძემ იოლი 3 ქულა აიღო. საპასუხოდ აფრიკელებმა ბურთი გაგვიშალეს და ლელო გაგვიტანეს, მალე კი მათ სინბინის გამო 10 წუთით მეორე მორაგბე დაკარგეს.

ორიოდე წუთში მორკინალებმა კარის წინ რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, თემურ ჭიჭინაძე ინტერვალში კარგად შევიდა და ბურთი დაჩი პაპუნაშვილს გადააწოდა, რომელმაც იერიში ლაშხს გააგრძელებინა და მანაც ალამთან მეორე ლელო მიითვალა – 26:13.

სამხრეთ აფრიკამ ტემპი კიდევ ერთხელ გაზარდა და 5 წუთში ორი ლელო გაიტანა, ხოლო 76-ე და 78-ე წუთებზე კიდევ ორი მიითვალა.

ბოლო სიტყვა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თქვეს. ზაურ თევდორაშვილმა რაქიდან მოიპარა ბურთი და თავად შეუტია, მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და დაახლოებით 30 მეტრი ირბინა, რაქიდან გამოტანილი ბურთი ჭიჭინაძემ მიიღო, ხაზი გაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 20:48.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
G ჯგუფი
8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 48:20
საქართველო:
ხაზი
15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;
შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.
ლუკა გელაშვილი ისვენებდა
3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები:
 ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ახალი ზელანდია – შოტლანდია (22:30)

სამხრეთ აფრიკა      2          2          0          0          91-39   10
ახალი ზელანდია   1          1          0          0          45-13   5
შოტლანდია             1          0          0          1          19-43   0
საქართველო            2          0          0          2          33-93   0

12 ივნისი
საქართველო – შოტლანდია (17:30)
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია (22:30)