საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას, თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.
ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!
შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.
76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა – 3:0.
რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.
10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.
მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განვილილი შეხვედრა შეაფასა და დანიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: “საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული სამი ქულა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე რეიტინგში დაბალ პოზიციაზე იმყოფება. ვფიქრობ, რომ 2-3 გოლი გატანა კიდევ შეგვძელო, მაგალითად გვილიას კარგი შანსები ჰქონდა. საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესად თამაში გვმართებს, ზონებში უკეთ უნდა ვიხსნებოდეთ. ანგარიშის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი გოლის გატანის სურვილი უნდა გვქონდეს.
საკუთარ მოედანზე მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, უკვე მომდევნო თამაშისთვის ვემზადებით. ჯაბა კანკავა შევცვალე იმიტომ, რომ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მოვერიდე, რომ მეორე გაფრთხილება არ მიეღო. ისე კი, ვფიქრობ, რომ ჯაბა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვატო არველაძეს დაუთმო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჯაბა დიდი ჯენტლმენი და ნამდვილი კაპიტანია. მან ახალწვეულისადმი ამ ნაბიჯით დიდი მხარდაჭერა გამოხატა.
ახალგაზრდები რომლებიც დღეს ძირითად შემადგენლობაში პირველად იყვნენ, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, დანიის წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იქნება. სავარაუდოდ 2-3 ფეხბურთელი შეიცვლება. ამას საბოლოოდ ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, როცა გვეცოდინება თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები ფიზიკურად. სამწუხაროა რომ ტრავმების გამო კვერკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
თბილისი. “დინამო არენა”
საქართველო – გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47).
გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი.