“ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალშიც დამარცხდა

0
51
ესპანეთის თასის ფინალში “ვალენსიამ” “ბარსელონას” 2:1 სძლია.
“ვალენსიამ” ამ სეზონში “ბარსელონას” ორი ფრე გაუგორა და პირველ ტაიმში ორი გოლით დაწინაურდა. ცნობისათვის, კატალონიურმა გუნდმა თასის ფინალის პირველ ტაიმში უკანასკნელად ორი გოლი 67 წლის წინ გაუშვა.
შესვენების შემდეგ “ბარსას” მწვრთნელმა ვალვერდემ ორმაგი ცვლილებით სცადა ვითარების შეცვლა. მესი გააქტიურდა, რამდენიმე იერიში წამოიწყო, 56-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 73-ე წუთზე კი ანგარიში შეამცირა. მან თასის 6 ფინალში გაიტანა გოლი – ეს რეკორდია.
დარჩენილ დროში “ღამურები” ორგანიზებულად იცავდნენ თავს და ბოლო 11 წელიწადში პირველი ტურნირი მოიგეს.
“ვალენსიას” მწვრთნელმა მარსელინიომ პირველად დაამარცხა “ბარსა” და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. ის ადრე “სპორტინგს”, “რეკრეატივოს”, “რასინგს”, “სარაგოსას”, “სევილიას” და “ვილიარეალს” ედგა სათავეში.
“ბარსელონა” კი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ესპანეთის თასზეც დამარცხდა, 2014 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო თასი და ალბათ, ცვლილებების დროც დადგა. ეს პირველ რიგში მწვრთნელს და მის სათამაშო სტილს ეხება, რაზეც გაამახვილა ყურადღება გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავიმ.
სევილია. “ბენიტო ვილიამარინი”. 53 698 მაყურებელი
ბარსელონა – ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 გამეირო (22), 0:2 როდრიგო (34), 1:2 მესი (73)
ბარსელონა: სილესენი, სემედუ (მალკომი 46), პიკე, ლანგლე, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი (ალენია 77), ბუსკეტსი, კოუტინიო, არტური (ვიდალი 46), მესი.
ვალენსია: ხაუმე, პაულისტა, გარაი, გაია, ვასი, კოკლენი, პარეხო (კონდოგბია 65), გუედეში, სოლერი, გამეირო (პიჩინი 72), როდრიგო (დიაკაბი 88).