“ქუთაისმა” “დინამოს” გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში “დელტას” შეხვდება

0
57

სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 78:74 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ფინალში გავიდნენ. საჩემპიონო სერია, რომელიც 3 მოგებამდეა, 23 მაისს დაიწყება და მასში ერთმანეთს “ქუთაისი” და “დელტა” შეხვდებიან. იმერულ კლუბს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მოედნის უპირატესობა ექნება და 23-24 მაისს 2 მატჩს იმ დარბაზში ჩაატარებს, რომელშიც დღეს ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გახლდათ და ის ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო, რომლებმაც საწყისი პერიოდი 24:19 მოიგეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა მეორე ათწუთეულიდან თამაში გამოასწორეს, ხორვატი მეფარის, დემაგოი ბუბალოს შედეგიანობით პერიოდი 22:16 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ქულით გალიდერდნენ – 41:40.

მესამე ათწუთეულის დებიუტში დავით დოლიძისა და გიორგი ბარბაქაძის სამქულიანებით, ასევე ელჯეი ბუსისა და ჯონათან ლის ზუსტი ტყორცნებით ქუთაისელებმა ლიდერობა დაიბრუნეს და 12 ქულით გალიდერდნენ – 59:47. დინამოელებმა მალევე შეძლეს მობილიზება და პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, 2-წუთიანი შესვენების შემდეგ კი ჯორდან სვოპშირისა და მიხეილ ჭოჭუას მექულეობით დეფიციტი აღმოფხვრეს და დაწინაურდნენ კიდეც.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჯორდან სვოპშირის სამქულიანით დინამოელები 69:67 გალიდერდნენ, რის შემდეგაც “ქუთაისის” სნაიპერის, გიორგი ბარბაქაძის ჯერი დადგა. ბარბაქაძემ 2 სამქულიანი ჩააგდო, რომელთა შორისაც ჯონათან ლიმაც იხეირა და  დასრულებამდე 80 წამით ადრე მასპინძლებმა 6-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 75:69.

ეს ფაქტობრივად ქუთაისელთა გამარჯვებას ნიშნავდა, მუთ უფრო, რომ დინამოელმა ლევან გრძელიძემ 3 ცდიდან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა პრესინგის წყალობით თბილისელებმა ბურთი მოიპოვეს და გრძელიძის ჩაჭრის შემდეგ სვოპშირმა სამქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა… დავით ლომიძემ მხოლოდ 1 საჯარიმო მიითვალა და 73:76 ჩამორჩენილ თბილისელებს სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა სირენამდე 10 წამით ადრე ვოვა თავაქარაშვილის სროლა არაზუსტი აღმოჩნდა და ფარიდან ასხლეტილ ბურთს მასპინძლები რომ დაეპატრონნენ, მატჩის ბედიც გაირკვა.

გამარჯვებულთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯონათან ლი გახლდათ. 18 ქულა აკაკი დვალიშვილის, ხოლო 15 – დავით ლომიძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან 25 ქულით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა.

“დინამო” მესამე ადგილისთვის მატჩში 26 მაისს “მგზავრებს” შეხვდება, ” ფინალური სერია კი “ქუთაისსა” და “დელტას” შორის 23 მაისიდან იმერეთის მთავარ ქალაქში დაიწყება.

ქუთაისი – დინამო 78:74 (24:19, 16:22, 19:11, 19:22)