მსოფლიო რაგბმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩებისთვის მსაჯები დაასახელა. ბორჯღალოსნები აგვისტოს მიწურულსა და სექტემბრის დასაწყისში სამ ტესტს გამართავენ და ამ შეხვედრებს ჩვენთვის ნაცნობი მსაჯები მოემსახურებიან.
თიბისი რაგბის სერიები 2019-ის პირველ რკენაშიმილთონ ჰეიგის შეგირდები 27 აგვისტოს 19:15 საათზე, მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს დაუხვდებიან და მთავარი მსაჯი 30 წლის ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი იქნება. 2016 წელს, მან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების სადებიუტო მატჩი განსაჯა 20-წლამდე ახალ ზელანდიასთან.
ირლანდიელს მაღალი დონის ტესტ-მატჩების მსაჯობა 2017 წლიდან მიანდეს და დებიუტი ინგლისის და ბარბაროსების შეხვედრაში ჰქონდა.იმავე წლის10 ივნისს ის ქალგარიში, საქართველოსა და კანადის შეხვედრას სჯიდა და მაშინ ბორჯღალოსნებმა მეტოქე 13:0 დაამარცხეს. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება კანადაში. ბრეისს კიდეებიდან ირლანდიელი ფრენკ მერფი და უელსელი დენ ჯონსი დაეხმარებიან. ფრენკ მერფი თავისმხრივ ორჯერაა საქართველოში ნამყოფი – პირველად მან2017 წლის 14 მაისს დიდი 10-ის ფინალი იმსაჯა ჯიქსა და ბათუმს შორის, ხოლო მოგვიანებით, 2017 წლის ივნისში მან საქართველოში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავა.
რუსეთის ტესტიდან 4 დღეში, 31 აგვისტოს, დინამო არენაზე ბორჯღალოსნები თიბისი რაგბის სერიების მეორე ტესტში შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს იქნება ისტორიაული, პირველი შემთხვევა, როდესაც თიერ 1-ის გუნდი ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა. მატჩი 20 საათზე დაიწყება.
ამ თამაშზე რეფერი 37 წლის გამოცდილი ფრანგი მატიო რეინალი იქნება, რომელიც საქართველოში მეოთხედ ჩამოდის, ბორჯღალოსნების შეხვედრას კი მეხუთედ მოემსახურება. პირველად მან 2012 წლის რაგბი ევროპაზე საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა იმსაჯა და ბორჯღალოსნებმა იმ მატჩში მეტოქე სარეკორდო სხვაობით, 46:0 დაამარცხა;
2015 წელს რეინალი თბილისის თასზე მუშაობდა და საქართველოსა და მზარდი ირლანდისს შეხვედრას მოემსახურა. 2017 წელს ფრანგი რეფერი კარდიფში, უელსი საქართველოს მსაჯი იყო და ის თამაში მასპინძლებმა ერთი გარდასახული ლელოთი, 13:6 მოიგეს. შარშანდელ თიბისირაგბის სერიების დასკვნით შეხვედრაში მატიომ საქართველოსა და ტონგას თამაში იმსაჯა, რომელიც ბორჯღალოსნებმა 20:9 მოიგეს.
რეინალს კიდეებიდან უელსელი ბენ ვაითჰაუსი და ფრანგი პიერ ბრუსეა დაეხმარებიან. სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების მატჩები ორივეს უმსაჯია. ვაითჰაუსი თბილისში პირველად 2016 წელს ჩამოვიდა და რაგბი ევროპაზე საქართველოსა და ესპანეთის მატჩი იმსაჯა (38:7), მომავალ წელს კი რეფერი ბრიუსელში, ბელგიასთან შეხვედრისას (31:6) იყო. იმავე წლის ნოემბერში ის საქართველოსა და კანადის ნაკრებების შეხვედრაში რეფერი იყო და სწორედ მან მოითხოვა ვიდეო-რეფერი, როდესაც სოსო მათიაშვილის გაფრენის შემდეგ გასაოცარი ლელო გავიდა. ბორჯღალოსნებმა ის თამაში 54:22 მოიგეს.
ბრუსეამ 2017 წლის თიბისი რაგბის სერიების დასკვნითი შეხვედრა განსაჯა აშშ-სთან, რომელიც ჩვენმა გუნდმა 21:20 მოიგო.
მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას 6 სექტემბერს, იმავე შოტლანდიასთან უკვე სტუმრად, მერიფილდზე გამართავენ და მთავარი მსაჯი 43 წლის რომან პუატიიქნება, რომელსაც ბორჯღალოსნების ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს ნამსაჯი.
2013 წელს, ბორჯღალოსნებმა იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი სამოა 16:15 დაამარცხეს, 2014 წლის ნოემბერში კი, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად იაპონიას 35:24 ვძლიეთ. ორივე ამ შეხვედრაში რეფერი პუატი იყო, რომელსაც სამ მსოფლიო თასზე აქვს ნამუშევარი.
ფრანგს კიდეებიდან ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი და ინგლისელი კარლ დიქსონი დაეხმარებიან. 2018 წელს დიქსონმა ბორჯღალოსნებისა და სამოას მატჩი იმსაჯა, რომელიც 27:19 მოვიგეთ. ბრეისი რუსეთთან მთავარი მსაჯია და მის შესახებ ინფორმაცია ზევით მოგაწოდეთ.
საქართველო – რუსეთი | 27 აგვისტო, 19:30, მესხის სტადიონი
საქართველო – შოტლანდია | 31 აგვისტო, 20:00, დინამო არენა