მალაგის “უნიკახას” ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი, ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად, ესპანურ ლიგაში თებერვლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს. “უნიკახამ” ჩემპიონატის მე-19 და მე-20 ტურში, შესაბამისად, “რეალი” და “მანრესა” დაამარცხა, მალაგელთა 29 წლის ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ორივე მატჩში 27-ს შეადგენდა.
შერმადინმა ბრწყინვალედ თვის პირველ შეხვედრაში “რეალთან” ითამაშა, რომელიც “უნიკახამ” ოვერტაიმში მოიგო (103:102). იმ მატჩში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 18 ქულა და 10 მოხსნა იყო. გიორგიმ არც ბოლო ტურში “მანრესა” დაინდო – 19 ქულა ჩაუგდო, ბურთი კი 5-ჯერ მოხსნა. “უნიკახამ” ამ მატჩშიც დრამატულად, ანგარიშით 99:97 გაიმარჯვა.
ამ ორ ტურში შერმადინის საშუალო სტატისტიკა: 18,5 ქულა, 7,5 მოხსნა, რეალიზებული ორქულიანების 81% (13/16) და საჯარიმოების 73% (11/15), სარგებლიანობის კოეფიციენტი კი – 27 იყო.
ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც გიორგი შერმადინს ესპანეთში თვის MVP-ად ასახელებენ. უწინ ეს აღიარება ქართველს 2016/17 წლების სეზონში, იანვარში, მარტსა და მაისში ჰქონდა, როდესაც “ანდორას” ღირსებას იცავდა.
