შერმადინის 19 ქულა და გამარჯვება ბოლო წამზე

0
38

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” დაძაბულ ბრძოლაში, მატჩის ბოლო წამზე შესრულებული ზუსტი ორქულიანით “მანრესა” 99:97 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი მალაგელებისთვის საკმაოდ დაძაბული და რთული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ლამაზი გამარჯვებით “უნიკახამ” საკუთარ გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქა.

გამარჯვებაში უდიდესია ქართველი ცენტრის წვლილი. შერმადინმა 21:13 წუთი ითამაშა, მაგრამ ხსენებული დრო საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ყოფილიყო. გიორგიმ საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ჩვენებურმა 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და ეს „უნიკახას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. ცნობისთვის ამ კუთხით მეორე შედეგი 17-ს გაუტოლდა (ვლიტერისა და ხაიმე ფერნანდესის).

შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტითა და ჩაგდებული ქულებით მხოლოდ „მანრესას“ წევრ რაიან ტულსონს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა.

„უნიკახას“ 20 შეხვედრაში 13 გამარჯვების საპირწონედ 7 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 3 მარტს, სტუმრად „ბასკონიას“ გაეჯიბრებიან.