იტალიური პრესა: “ჩაკვეტაძის ძლიერ კლუბში გადასვლა დროის საკითხია”

0
44
იტალიურმა ultimouomo-მ ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატების საუკეთესო 15 ფეხბურთელზე გამოაქვეყნა სტატია და მათ შორის “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა.
“თუ ერთა ლიგას მიადევნეთ თვალი, უთუოდ შეამჩნევდით საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის ასპარეზობას, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ 19 წლისაა, ეს მოულოდნელი გახლდათ.
გიორგი ნიჭიერია, აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელებიდან გამორჩეულია და კონტინენტის რომელიმე საუკეთესო ლიგაში თამაშს იმსახურებს. “გენტში” თამაშობს შემტევ ან მარცხენა ნახევარმცველად, კარგი დრიბლინგი აქვს, გადამწყვეტ მომენტებში კი მარჯვენა ფეხით კომბინაციის განვითარების სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
ის სწრაფია, ყველა შეუძლია გააკვირვოს თავისი არაორდინალურობით, რაც იშვიათობაა. ბელგიის ლიგაში თავისი ასაკის ფეხბურთელებში გამორჩეული და უნივერსალურია და პროგრესირება შეუძლია. 2019 წელი შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს მის კარიერაში და ძლიერ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია”.

ამასობაში, ბელგიის თასის საპასუხო ნახევარფინალში ქართველთა “გენტი” “ოოსტენდეს” ესტუმრა. გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 38-ე წუთზე შევიდა, მას მერე, რაც გუნდი 0:2-ს აგებდა.
ქართველს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მეკარეს დუელი ვერ მოუგო, 84-ე წუთზე კი მისი საგოლე პასით სორლოტმა ერთი გაქვითა, 91-ე წუთზე ბეზუსმა კიდევ ერთხელ გაიტანა და ანგარიში 2:2 გახდა. შეხვედრა ზუსტად იმავე ანგარიშით დასრულდა, როგორითაც პირველი დაპირისპირება, დაინიშნა დამატებითი დრო.
ფინალისტის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა – პირველი თითო გატანილი პენალტის შემდეგ, ჯერ მასპინძელმა კოპმანმა ვერ გაიტანა, შემდეგ კი – ჩაკვეტაძემ. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ თითო პენალტი ვერ გაიტანეს – 3:3. სერია გაგრძელდა, თუმცა მასპინძლებმა პირველივე პენალტი ვერ გაიტანეს, ხოლო გენტელმა ბეზუსმა ისევ გმირობა იტვირთა, გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ფინალში “გენტი” “მეხელენს” დაუპირისპირდება.