პაპუნაშვილი ”სარაგოსას” სასტარტოში დაბრუნდა

0
43

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში ”სარაგოსამ” ”ლა რომარედაზე” ”ოვიედო” 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობას ქართველი გარემარბი გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა 64-ე წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მე-9 შეხვედრა ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორედ მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ტრავმის გამო სეზონის პირველ ნახევარში სამი თვე გამოტოვა.

”სარაგოსას” მხრიდან ალვარო ვასკესმა დუბლი შეასრულა. მან გოლები 76-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა.

22-გუნდიან ჩემპიონატში ”სარაგოსა” 26 ქულით მე-14 ადგილზეა.

გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ”სარაგოსას” მაისურით ჩემპიონატისა და სამეფო თასის ჩათვლით 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.