შედგება “უძღები შვილის” დაბრუნება?

0
58

“პარი სენ-ჟერმენის”  თავდამსხმელი ნეიმარი პარიზული კლუბის დატოვებას  მომავალ ზაფხულს უპრობლემოდ შეძლებს, თუკი მასში 220 მილიონ ევროს გადაიხდიან. ბრაზილიის ნაკრების ლიდერი პსჟ-ში „ბარსელონიდან“ 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ ტრანსფერის  წყალობით, მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი გახდა. როგორც Football Espana იუწყება, 26 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელსა და პსჟ-ის ხელმძღვანელობას შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად, ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეძლებს კლუბის დატოვებას, თუკი მის სანაცვლოდ220 მილიონ ევროს გადაიხდიან. 2020 წლის ზაფხულისთვის კი ეს თანხა უკვე 200 მილიონ ევრომდე შემცირდება.

ამ ინფორმაციას წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება ძალიან სურს. ბრაზილიელის ტრანსფერის შესაძლებლობაზე ფიქრობენ კატალონელებიც. Mundo Deportivo კი იუწყება, რომ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას, „ბარსელონაში“ მისი ყოფილი თანაგუნდელებიც მიესალმებიან. გამოცემის ცნობით, ნეიმარის „ბარსაში“ დაბრუნება რეალური იქნება, თუკი ბრაზილიელი ხელფასისა და სარეკლამო უფლებებიდან მისაღები თანხის მნიშვნელოვნად კლებას დათანხმდება. ამავე გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ასულგრანას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ კლუბის წარმომადგენლებთან ბრაზილიელი თავდამსხმელის დაბრუნების საკითხი უკვე განიხილა.

ასევე იწერება, რომ პსჟ-ს ფსონის გაკეთება კილიან მბაპეზე სურს, ხოლო ნეიმარს არანაირად არ უნდა ახალგაზრდა ფრანგის ჩრდილქვეშ მოქცევა.