ხელოვნების და ფეხბურთის ქურუმი

0
96

ქართული ფეხბურთის გამორჩეული ქომაგი და მისი იშვიათი გემოვნების მემატიანე, ცნობილი მუსიკათმცოდნე, ხელოვნების ქურუმი, კონსერვატორიის პროფესორი, ბატონი გულბათ ტორაძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბატონი გულბათი არაერთი წიგნის ავტორია,მათ შორის ქართულ ფეხბურთზე. იმ დიდებული წიგნისათვის, რომელზედაც მასთან ერთად მომიწია მუშაობა, ბატონმა გულბათმა ზუსტად მიგნებული სათაური შეარჩია  – „ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში“.

წიგნის განსაკუთრებული ხიბლი სწორედ მისი ავტორი გახლდათ. ქართული ფეხბურთის  ყველა თაობის გულშმატკივარს ვიცნობ, წიგნიერ, განსწავლულ და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ქომაგებთან არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ფეხბურთის სიხარულზე და სატკივარზე, მაგრამ ბატონი გულბათი ამ მხრივაც გამორჩეული გახლდათ. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უნიკალურ ავტორთან და პიროვნებასთან გვქონდა მუშაობის ბედნიერება, რომელსაც საოცარი ემოციური მეხსიერება გააჩნდა და ფეხბურთის ნამდვილი გურმანი გახლდათ.

ხუთი-ექვსი-შვიდი ათეული წლის წინ გამართულ შეხვედრას ბატონი გულბათი ისეთი ნიუანსებით და ფერადოვნებით აღწერდა, ისე ძარღვიანად და კონკრეტიკით, რომ მკითხველისთვის აცოცხლებდა გარდასულ თამაშს, თანაზიარს გვხდიდა იმ დღესასწაულისა, რასაც ნამდვილი ფეხბურთი ჰქვია.

შეუძლებელია,  რომ არ ვთქვათ ბატონი გულბათის პიროვნულ ხიბლზე – ის ხომ თხემით ტერფამდე დახვეწილი ინტელიგენტი, რაფინირებული გემოვნების, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების პიროვნება და მრავლისმნახველი ადამიანი გახლდათ.

დიდი ხანი თანამშრომლობდა საფეხბურთო ჟურნალ „ათიანთან“ და ვისაც სხვადასხვა წერილებზე მასთან მუშაობის  იშვიათი პატივი, ფუფუნება  და სიამოვნება გვერგო წილად, მის ყოველ ახალ მოსვლას რედაქციაში სიხარული ვხვდებოდით. დროის იმ მონაკვეთში ჩვენი სამუშაო პროცესი აშკარად ფერხდებოდა, რადგან  ბატონი გულბათი იშვიათი მთხრობელი გახლდათ. მოსაყოლი და გასახსენებელი კი, იცოცხლეთ, უამრავი ჰქონდა და ჩვენი გულისყურიც მისკენ იყო მიპყრობილი…

ამ მცირე გახსენებას მისი საყვარელი სიტყვებით დავასრულებთ, რომელიც ბატონი გულბათისთვის მეტად ძვირფას პიროვნებას, ქართული ფეხბურთის ქურუმს – ანდრო ჟორდანიას ეკუთვნის: „წარსულის მოგონება ხვალინდელი დღის დასანახადაა საჭირო. უნდა შეგეძლოს, გაიხედო ხვალის მიღმა, ამისათვის კი საჭიროა წარსული გახსოვდეს“.

გიორგი გორგოძე