„ბაიერნის“ და ლევანდოვსკის რეკორდები „ზალცბურგთან“

0
37

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის თქმით, როდესაც მისი გუნდი ისეთი ენერგიით თამაშობს როგორც ეს „ზალცბურგთან“ გააკეთა, მიუნხენელების შეჩერება რთულია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ავსტრიელებთან 7:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა. ამ გუნდებს შორის ავსტრიაში ჩატარებული პირველი თამაში 1:1 დასრულდა. „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში 7 ან მეტი გოლი 7-ჯერ გაიტანა, რაც რეკორდია. მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 104 მატჩი ჩაატარა და ოლივერ კანის რეკორდი გააუმჯობესა. რობერტ ლევანდოვსკიმ „ზალცბურგთან“ ჰეთ-თრიქი 10:22 წუთში შეასრულა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ტურნირის ისტორიაში მე-6 მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში 2 ჰეთ-თრიქი შეასრულა. საერთო ჯამში მის ანგარიშზე ნახსენებ ტურნირში 5 ჰეთ-თრიქია და პოლონელი ამ მაჩვენებლით კრიშტიანუ რონალდუს (8) და ლიონელ მესის (8) ჩამორჩება.  2015-2016 წლების სეზონში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში 3 ჰეთ-თრიქი მიითვალა, რაც რეკორდია.
გარდა ამისა, მან მიმდინარე გათამაშებაში 8 შეხვედრაში 15 საგოლე პასი გააკეთა. ლევანდოვსკი ამ სეზონში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან პირველია, რომელმაც ყველა ტურნირში 40 გოლი გაიტანა. ბავარიელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალში მეოცედ გავიდნენ, რაც რეკორდია.
„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და საუცხოო ფეხბურთი ვაჩვენეთ. ლამაზად ვუტევდით და ნებისმიერი გემოვნების გოლი გავიტანეთ: სტანდარტულებიდან, მოგებული ორთაბრძოლებიდან, პოზიციური შეტევებიდან.
როდესაც ასეთი ენერგიით და ჟინით ვთამაშობთ, ჩვენი შეჩერება რთულია. დღეს ჩვენ ასეთი ანგარიშით გამარჯვება დავიმსახურეთ“ – ციტირებს ნაგელსმანს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.