„მანჩესტერმა“ სამი ქულა ხელიდან გაუშვა – კოუტინიო პრემიერ ლიგაში გოლით დაბრუნდა

0
49

ინგლისის პრემიერ ლიგაში ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, ქულა მაინც გადაარჩინა.
შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში ბრუნუ ფერნანდეშმა გახსნა, რომელმაც 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა ფერნანდეშმა, რომელი „მანჩესტერში“ 2020 წლიდან გამოდის, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 70 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 33 საგოლე პასი გააკეთა.
77-ე წუთზე იაკობ რემზიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ოთხ წუთში ფილიპე კოუტინიომ, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, მანჩესტერელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ბარსელონამ“ „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა, ახალ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა.
„მანჩესტერმა“ 2014 წლის შემდეგ პირველად სტუმრად „ასტონ ვილა“ ვერ დაამარცხა. გარდა ამისა, 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მანჩესტერელები პრემიერ ლიგაში ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა 3 ქულა ვერ აიღეს.
გერმანელი რალფ რანგნიკის გაწვრთნილ „იუნაიტედს“ 32 ქულა აქვს და 20-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზეა.