მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ლადო ჩიხრაძე, რომელიც “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, წლებია ესპანეთში თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელი ახლა “ექსტრემადურას” (მესამე ლიგა, სეგუნდას შემდეგ) კლუბში ცდილობს თავის წარმოჩენას. ამპლუით ფორვარდს ევროპაში შევეხმიანეთ და მისგან ბევრი სიახლეები გავიგეთ:
– “ექსტრემადურას” დუბლებში ვთამაშობდი, მაგრამ ახალი წლიდან მთავარ გუნდში დავწინაურდი. მე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს 2022 წლამდე გაგვიფორმეს ძირითად გუნდთან ხელშეკრულებები. ამ დროის განმავლობაში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინო, რომ მომავალში გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა.
ახლა, როდესაც ჩემპიონატის მორიგი ტური იმართებოდა, ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს კოვიდ მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნათ. თავის გამოჩენის შესაძლებლობა დუბლებიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს მოგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განაცხადში სულ 14 ფეხბურთელი გვყავდა, მოვახერხეთ და გამარჯვება შევძელით. ამ მოგებას ბევრი არ ელოდა და აქაურებმა დიდ სენსაციად შეაფასეს.
– ალბათ, მომავალშიც მოგეცემათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა…
– დიახ, მეც ამის იმედი მაქვს. ამ ეტაპზე მთავარი გუნდის ფეხბურთელად ვითვლები და ვეცდები მომავალში უკეთ წარმოვაჩინო შესაძლებლობები. “ექსტრემადურაში” თამაში ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა ესპანეთში თავი დავიმკვიდრო.
– როგორი გუნდია “ექსტრემადურა”?
– ადრეულ წლებში პრიმერა დივიზიონში თამაშობდა, მაგრამ ახლა რანგით მესამე ლიგაში თამაშობს. დიდ გამოცდილებას ვიძენ, კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. ვფიქრობ, ბევრს ვისწავლი და წამადგება აქ თამაში.
– შემდეგი მატჩი ვისთან გელით?
– მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებია, აქ ჩემპიონატი მიმდინარებს. გეცოდინებათ, რომ ესპანეთში სათასო ბატალიები იყო. აქედან გამომდინარე, ვისვენებდით. მორიგი მატჩი შემდეგ კვირას გველის, სტუმრად “ბილბაოს” დუბლებს ვეთამაშებით. დაახლოებით, 10 საათიანი მგზავრობა გვიწევს, თამაშებზე ავტობუსით დავდივართ-ხოლმე.
– ესპანეთში “საბურთალოს” აღზრდილი ფეხბურთელები – გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჯინჯოლავაც თამაშობს. ხომ არ შეხვედრილხართ?
– შეხვედრით ვერა, რადგან სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ ერთმანეთისგან. ქოჩორაშვილი პროგრესირებს და მისი დიდი იმედიც აქვთ. ასევე ეიმედებათ ჯინჯოლავასი, რომელიც მართალია “კადისის” დუბლებშია, მაგრამ ერთი ნაბიჯი აშორებს პირველ გუნდამდე. მათ მატჩებზე დასწრებას ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ ტელევიზიით მივადევნო თამაშებს თვალი.
– “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ხართ. ყოფილ გუნდელებთან გააქვთ კომუნიკაცია?
– რა თქმა უნდა! მე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბექა ხარაიშვილი – ერთი თაობას წარმოვადგენთ. “საბურთალოსთან” ერთად, ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი დღე მაქვს გატარებული. უკვე რამდენიმე წელია ესპანეთში ვთამაშობ, მანამდე “ატლეტიკოსა” და “სევილიას” ასაკობრივ გუნდებში ვირჯებოდი. აქ გამომგზავრებამდე “საბურთალოში” ვპროგრესირებდი, კარგ სპორტულ ფორმაში ვიყავი. ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. “საბურთალოში” ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, წარმატებული აკადემია აქვს და მჯერა მომავალ თაობას, მომავალშიც გაზრდის.
– რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც თქვენი ყოფილი თანაგუნდელების – გიორგი გოჩოლეიშვილისა და გიორგი გულიაშვილის გოლებით, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა?
– ბედნიერი და გახარებული ვიყავი, კარგი თამაშითა და ლამაზი გოლებით შევძელით ინგლისის ნაკრების დამარცხება. დიდი მოტივაციაა ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობა. მინდოდა მეც იმ ადგილას ვყოფილიყავი. მარტში არის მომდევნო შეკრება, ვეცდები კარგად სპორტულ ფორმაში ვიყო. იმედი მაქვს, მომეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ასევე, მოახლოებულია 2023 წელს 21 წლამდელების ჩემპიონატი. დიდი პატივია, რომ ასეთ დიდ გათამაშებას საქართველო მასპინძლობს.





