გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც „გენტის“ მიერ ბელგიის ჩემპიონატის ჩატარებულ ბოლო მატჩებში არ უთამაშია, თავის გამოჩენის საშუალება კონფერენს ლიგაში მისცეს. უეფას რანგით მე-3 ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „გენტმა“ ტალინის „ფლორას“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 51-ე წუთზე მეტოქის კარი ბრუნომ აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩი ჩაატარა და სასტარტოში 2-ჯერ ითამაშა. ის ნახსენებ ტურნირში ბელგიური გუნდის რიგებში პირველი წუთიდან 21 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა. ბელგიის ჩემპიონატს რაც შეეხება, ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს 7 ნოემბერს “სერენტან” შეხვედრაში მოხვდა. “გენტმა”, რომელსაც პლეი-ოფში თამაში ბოლო ტურის წინ განაღდებული ჰქონდა, საბოლოოდ 13 ქულით B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.





