თბილისის “დინამომ” სამტრედიაში ვერ მოიგო – ბათუმის “დინამო” პირველად გაჩემპიონდა

0
37

ბათუმის “დინამო” არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ბათუმელთა უშუალო კონკურენტმა თბილისის “დინამომ” სტუმრად “სამტრედიასთან” 0:0 ითამაშა.

თბილისელებს 67 ქულა აქვთ და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბათუმელებს 4 ქულით ჩამორჩებიან.

აქედან გამომდინარე, გია გეგუჩაძის შეგირდებმა ორშაბათს სტუმრად წყალტუბოს “სამგურალთან” რომ წააგონ და 36-ე ტურში შინ გორის “დილასაც” ვერ გაუმკლავდნენ, ჩემპიონობას მაინც ვერავინ შეეცილება.

ბათუმის “დინამომ” მანამდე მხოლოდ ერთი ტიტული ჰქონდა – 1999 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.

შავიზღვისპირული კლუბი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეათეა, რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა.

ბათუმელები მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

“დინამომ” მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

დღეს, 35-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა შედგება – თბილისის “ლოკომოტივი” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს, ხოლო გორის “დილა” “თელავს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ “დილამ” ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა.