“მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა “მაიამი ჰითთან” 95:137 შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და თამაშში პირველსავე მეოთხედში, შეხვედრის მე-6 წუთზე ჩაერთო. მან პეტ კონოტონი შეცვალა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, სანდრო საკმაოდ პროდუქტიული იყო და მილუოკელთა ტოპ-3 შედეგიან მოთამაშეს შორის მოხვდა. მან ყველა პერიოდში გარკვეული დროით ითამაშა, რამაც ჯამში 27 წუთზე მეტი შეადგინა.
სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მამუკელაშვილზე მეტი დრო მოედანზე მილუოკელთაგან მხოლოდ გრეის ალენმა გაატარა, რომელმაც 29 წუთში 14 ქულა მოაგროვა. სწორედ ალენი, ანტეტოკუნმპო და მამუკელაშვილი იყო “მილუოკის” სამი საუკეთესო მექულე ამ მატჩში, რომელიც ლამის ისტორიული გამოდგა “მაიამისთვის”. ფლორიდულ გუნდს ნბა-ში ყველაზე დიდი სხვაობით 1994 წელს მოუგია, როცა “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 43 ქულით დაამარცხა. დღეს კი “მილუოკის” 42 ქულით აჯობა.
მომდევნო შეხვედრას “მილუოკი” 24 ოქტომბერს, ტეხასში, “სან ანტონიოსთან” გამართავს.





