გერმანიამ პორტუგალია დაამარცხა – 2 ავტოგოლი და ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ევრო-2020-ზე

0
61

ევრო-2020-ზე ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი მატჩი F ჯგუფში გერმანიასა და პორტუგალიას შორის შედგა.

მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში გერმანელებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 4:2 დაამარცხეს.

შეხვედრის მე-15 წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე მე-12 გოლი გაიტანა, რაც ყველა დროის რეკორდია.

გარდა ამისა, მან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-19 ბურთი მიითვალა, ხოლო შედეგად გერმანიის ნაკრების ექსფორვარდის მიროსლავ კლოზეს რეკორდი გაიმეორა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ კარიერაში ბუნდესნაკრების კარი პირველად აიღო.

35-ე წუთზე პორტუგალიელთა ცენტრალურმა მცველმა ავტოგოლი მიითვალა, ხოლო ოთხ წუთში საკუთარ კარში ბურთი მარცხენა მცველმა რაფაელ გერეირომ გაიტანა და გერმანელები დაწინაურდნენ.

მიმდინარე ევროზე უკვე 5 გოლი გავიდა, რაც ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველა დროის ანტირეკორდია.

51-ე წუთზე, კაი ჰავერტცმა გერმანელები კიდევ უფრო დააწინაურა. ის 22 წლისა და 8 დღის ასაკში გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე გოლი გაიტანა.

მე-60 წუთზე, რობინ გოსენსის დარტყმის მერე, გერმანია 3 ბურთით დაწინაურდა.

67-ე წუთზე, რონალდუს გადაცემით დიოგო ჟოტამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.

პორტუგალია ევროპის პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაუშვა.

პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატებზე 4 გოლი მეორედ გაუშვა და ორივე შემთხვევაში გერმანიისგან.

გერმანიამ პორტუგალიას ზედიზედ 5 თამაში მოუგო – 15 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

გერმანიამ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთო ჯამში 302 გოლი გაიტანა, რაც ევროპული გუნდებისთვის რეკორდია.

პორტუგალია ფეხბურთის ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაოებზე თავის კარში ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გერმანიის ეროვნული გუნდი ფეხბურთის ისტორიაში პირველია, რომლის სასარგებლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 2 ავტოგოლი გავიდა.