ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის პირველ შეხვედრაში კანადა რეკორდული სხვაობით, 59:14 დაამარცხა.
ეს იყო ამ გუნდების მე-9 დაპირისპირება და საქართველომ მეტოქე მეექვსედ დაამარცხა – ზედიზედ მეოთხედ. აქამდე „ნეკერჩხლები“ ყველაზე დიდი სხვაობით 2017 წელს გვყავდა დამარცხებული (54:22), ამჯერად კი სხვაობამ 45 ქულა შეადგინა.
„ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველო სრულად დომინირებდა. ბორჯღალოსნები დომინირებდნენ შერკინებაში და ცდილობდნენ მაღალ ტემპში, ხელდახელ შეეტიათ, რაც მთელ რიგ ეპიზოდებში კარგად გამოსდიოდათ. ჩვენმა გუნდმა ჯამში 9 ლელო გაიტანა (ერთი საჯარიმო), საიდანაც ექვსი ხაზის მოთამაშეების ანგარიშზეა, ლუკა მატკავამ კი 6 გარდასახვა გამოიყენა.
კანადას ორი ლელო გაუტანა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც 64-ე კეპი მოიხვეჭა. ახლა მას ჯამში 55 სანაკრებო ლელო მოუგროვდა, მსოფლიოს ყველა დროის მელელოვეებს შორის მეექვსე ადგილზეა და მე-5 ადგილზე მყოფ ვილ ჯორდანს ერთი, ხოლო ლიდერ დაისუკე ოჰატას 14 ლელოთი ჩამორჩება.
კანადასთან მატჩში ორი დებიუტანტი გვყავდა. 19 წლის ლუკა ტაბატაძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმის მიწურულს სადებიუტო ლელოც გაიტანა, მეორეხაზელი გაგი მარგველაშვილი კი შეცვლაზე შევიდა.
საქართველომ ანგარიში დებიუტშივე გახსნა, შერკინებიდან ბურთი ვასილ ლობჟანიძემ ხაზზე გაიტანა, დავით ნინიაშვილმა მარცხენა ფრთაზე შეუტია, მცველის აყვანის შემდეგ ოვალი ფეხით შეაცურა, მას დაჩი პაპუნაშვილი დაეუფლა და ორი მცველის მცდელობის მიუხედავად ლელოში დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო. კანადამ მე-10 წუთზე გვიპასუხა, 5-მეტრიანში ფორვარდებმა ფაზები აკინძეს და ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, გარდასახვით კი დაწინაურდნენ.
სამ წუთში ვიდეო რეფერიმ აკაკი ტაბუცაძეს ლელო გააუქმა, რადგან ბოლო გადაცემისას წინ პასი დააფიქსირა, თუმცა ტაბუცაძემ მე-20 წუთზე თავისი ლელო მაინც გაიტანა: კარგი თანმიმდევრული შეტევის შემდეგ, თორნიკე კახოიძემ და ბექა შვანგირაძემ 5-მეტრიანს უწიეს, რასაც ბურთის მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშება მოყვა, ტაბუცაძემ სივრცეში შეუტია და მცველთან კონტაქტის შემდეგ ლელო დაამიწა. მატკავას რთული პოზიციიდან ეს გარდასახვაც გაუცუდდა.26-ე წუთზე მეტოქემ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შემოგვიტია, დაუცველ მოკლე ფრთაზე კელიმ მოულოდნელად შემოგვიტია და მისი ლელო მაკმულინმა გარდასახა. ამის შემდეგ ინიციატივა სრულად საქართველოს მხარეს გადავიდა, 31-ე წუთზე ლობჟანიძემ კანადელთა დაცვაში სივრცე შენიშნა, დავით ნინიაშილმა ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და მისი ლელო მატკავამ გარდასახა. ტაიმის ბოლოს მორიგი კარგი ხელდახელ შეტევა გვქონდა, პაპუნაშვილმა ხაზი გაჭრა, შებოჭილმა ბურთი ლუკა ტაბატაძეს ამოუგდო და მანაც სადებიუტო ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო – 24:14.მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელებს 5-მეტრიანი შერკინებიდან მივაწექით. ლელო გარდაუვალი იყო, რუმბალმა წესების დარღვევით ბურთს ფეხი წაკრა და თავად სინბინით, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. 55-ე წუთზე კახოიძის შესანიშნავი გარღვევის შემდეგ, ლობჟანიძემ კიდით ხაზთან ბექა გიგაშვილი მოძებნა და მანაც თავისი მეხუთე სანაკრებო ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო.67-ე წუთზე მეტოქის 22-ში ფაზები ავკინძეთ, რასაც გელა აფრასიძის ფეხით მოკლე გადაკიდება მოყვა, ბურთს კახოიძე მიჰყვა და ლელოთი მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. სამიოდე წუთში პაპუნაშვილმა ერთხელაც შეუტია, შებოჭილმა ტაბუცაძეს ოფლოუდი გაუხერხა და აკამ თავისი მეორე ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს თავისი წილი ლელო ვანო კარკაძემ მიითვალა, მატკავამ ბოლო სამი გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და საქართველომ კანადა 59:14 დაამარცხა.ამრიგად, ბორჯღალოსნებს ერთა თასზე ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ, აქედან სამი ბონუს-ქულით და ჯამში 19 ქულით, ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.ერთა თასის მორიგ შეხვედრას საქართველო 14 ნოემბერს, “ავჭალაზე” ტონგას წინააღმდეგ გამართავს და ის 18 საათზე დაიწყება. ტონგამ 6 ნოემბერს რუმინეთი ბუქარესტში 43:38 დაამარცხა და ამერიკა-ოკეანეთის ჯგუფში, 12 ქულით სამოასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი. IV რაუნდი
7 ნოემბერი. თბილისი. „ავჭალა“
საქართველო – კანადა 59:14 (24:14)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. გიორგი ჯავახია, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა შვანგირაძე.
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გაგი მარგველაშვილი, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. გელა აფრასიძე, 23.
გიორგი შველიძე.
rugby.ge





