საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, პოლონეთი 45:5 დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა.
„მარკეტა სთედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანა და ხუთი გარდასახვა გამოიყენა.
მატჩის დებიუტშივე ანგარიში მიხეილ მგალობლიშვილმა გახსნა და ლუკა ჭაკუამ გარდასახა. 22-ე წუთზე მგალობლიშვილმა დუბლი შეასრულა და ჭაკუა კვლავ ზუსტი იყო, ტაიმის ბოლოს კი ლელო ჭაკუამ გაიტანა – 19:0.
მეორე ტაიმში საქართველომ უპირატესობა საბა ჯიბღაშვილის ლელოთი გაზარდა, 49-ე წუთზე კი თავი გეგა გიორგობიანმა გამოიჩინა. ამის შემდეგ პოლონელებმა მოახერხეს ერთი საპასუხო ლელოს გატანა, რაზეც ჩვენმა გუნდმა დასკვნით წუთებში კიდევ ორი ლელოთი უპასუხა. 5-5 ქულა ბართლომე ხამაშურიძემ და ნიკა ჯანგულაშვილმა მიითვალეს, ჭაკუამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 45:5.
თასის ნახევარფინალში საქართველო ნიდერლანდებს შეხვდება, რომელმაც პორტუგალია 20:15 დაამარცხა. შეხვედრა 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.
კიდევ ორ მეოთხედფინალში ჩეხეთმა გერმანიას 42:21 მოუგო, ესპანეთმა კი ბელგიას 59:32 სძლია. შედეგად, თასის მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ჩეხეთს ეთამაშება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის
1/4-ფინალი. 7 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო – პოლონეთი 45:5 (19:0)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ლუკა შულაია; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკოლოზ ლაგვილავა, 25. გიორგი სუთიაშვილი, 26. ბართლომე ხამაშურიძე.
ესპანეთი – ბელგია 59:32
ნიდერლანდები – პორტუგალია 20:15
ჩეხეთი – გერმანია 42:21
თასის ნახევარფინალი. 10 ნოემბერი
საქართველო – ნიდერლანდები (19:00 საქ. დრო)
ესპანეთი – ჩეხეთი (21:30)
V ადგილის ნახევარფინალი
ბელგია – გერმანია (14:00)
პოლონეთი – პორტუგალია (16:30)
rugby.ge





