„გაგრას“ მეოთხე ფინალი

0
3

„გაგრა“ არსებობის ისტორიაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში მეოთხედ გავიდა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაგრელებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი „რუსთავი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
მატჩის მე-15 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან „რუსთავის“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებმა არადამაჯერებლად ითამაშეს და იაზლი ნაზაროვმა თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
27-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანი თავის საჯარიმოში უკრაინელ ილია სკრიპნიკს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვანდერსონ სილვამ გაიტანა – 2:0.
59-ე წუთზე რუსთაველთა კარგი კომბინაცია „გაგრას“ საჯარიმოშ მდგომმა განელმა პრინს ოსეიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიშის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა. 79-ე წუთზე ნაზაროვმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 84-ე წუთზე შოთა ანდღულაძეს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მასპინძლების კარის წინ მარტო დარჩენილმა მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ცუდად დაარტყა.
83-ე წუთზე ლუკა პარკაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და ბრაზილიელ კლაუდინეის გაცდა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. 86-ე წუთზე რუსთაველებმა კუთხური ჩააწოდეს და მამუკა კაპანაძის თავურის მერე, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
„გაგრამ“ მანამდე ჩატარებული სამი ფინალიდან ორი მოიგო – 2011 და 2020 წელს, ხოლო ერთხელ დამარცხდა – 2018 წელს.
ხვალ მეორე ფინალისტის ვინაობა ბათუმში გაირკვევა, სადაც ადგილობრივი „დინამო“ გორის „დილას“ მიიღებს.
ლაშა თაბაგარი