პსჟ-მ „ბარსელონა“ შეაჩერა – კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო

0
6

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-მ „ბარსელონა“ მიიღო და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში პირველი მარცხი აგემა – 4:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე მეტოქის მცველ ესპარტთან შეჯახების შემდეგ, მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. მას მარჯვენა ფეხის მუხლი დაუზიანდა და დღეს მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგ გაირკვევა თუ რამდენი დრო გაუცდება. იმედია, „კვარა“ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩება.
არადა, ხვიჩა ძალიან აქტიური იყო და მე-2 წუთზე საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის შუაწელში ის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და სტუმართა კარს დაემუქრა, მაგრამ მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.
მე-20 წუთზე პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი უსმან დემბელე კუნთის ტრავმის მიზეზით შეცვალეს და მოედანზე ფერან ტორესი შევიდა. 27-ე წუთზე „ბარსელონას“ დანი ოლმო დაუშავდა და მის ნაცვლად თამაშში ფერმინ ლოპესი ჩაერთო.
38-ე წუთზე დეზირე დუე ესპანელთა საჯარიმოს სიახლოვეს ერთ მეურვეს გაცდა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ სახიფათოდ დაარტყა და სტუმართა მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
55-ე წუთზე „ბარსელონას“ კონტრშეტევის დროს ფერმინ ლოპესის კარგი პასის შემდეგ, პარიზელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ესპარტმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
72-ე წუთზე დუემ კუთხური ჩააწოდა და ტეო ერნანდესმა თავით „ბარსელონას“ კარი აიღო. 79-ე წუთზე ლამინ იამალაი პსჟ-ს საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭირა და ბუცის წვერით საფონოვს ახლო კუთხეში გაუტანა. 81-ე წუთზე „ბარსას“ მცველის მიერ საჯარიმოდან თავით გამოტანილი ბურთი ვიტინიამ ერთი შეხებით დაამუშავა და დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ბადეში გაახვია. 86-ე წუთზე „ბარსელონას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ჰაკიმიმ შორეულ ძელთან პასი ფაბიან რუისს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პსჟ 9 ქულით 36-გუნდიან ლიგის ფაზაში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი