ავთანდილ ასათიანი: “ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან”

0
4

აქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
13 ოქტომბერს ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. ტრავმის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრებს, კოსოვოს და იტალიის წინააღმდეგ, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღავთაძე გამოტოვებს.
მზადებისა და მოახლოებული მატჩის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ტყეშელაშვილმა ისაუბრეს.
ავთანდილ ასათიანი: „მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზას ვიწყებთ, რაც თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად საჭიროა, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან.
როგორც ყოველთვის, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კოსოვოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და უნდა ვეცადოთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით, პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.
კოსოვოსთან მატჩის დასრულებისთანავე იტალიასთან შეხვედრაზე გადავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა კონცენტრირებული. მომზადების პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. უკვე ხუთი დღეა, ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და, რასაც ვხედავ, ბიჭები ყველა თვალსაზრისით მზად არიან”.
საბა ტყეშელაშვილი: „მზადების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. გუნდში კარგი გარემო და განწყობაა. კოსოვოსთან ადრეც გვითამაშია, ვიცნობთ მეტოქის ძლიერ მხარეებს და ვიცით, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
საქართველო-კოსოვოს მატჩი 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება უფასოა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).
ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას ელიტ რაუნდში მოსახვედრად.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის პლეი-ოფში იბრძოლებენ.
ლაშა თაბაგარი