ჟორჟე ჟეზუში: „რონალდუს შეუძლია დაბრუნდეს როდესაც მოისურვებს“

0
6

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟეზუშის განცხადებით, თუ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება სურს, ამის გაკეთება მაშინ შეუძლია, როდესაც მოისურვებს.
„მე არ ვიცი რა მოხდება. ჩემთვის ყველაფერი გახსნილია. მან უნდა გადაწყვიტოს ნაკრებში გამოძახებამდე საკუთარ ცხოვრებას როგორ წარმართავს. თუ ითამაშებს და ეროვნულ გუნდში ყოფნა სურს, შეუძლია დაბრუნდეს როდესაც მოისურვებს, რატომაც არა? ეს გაუგებრობა იყო, რომლის მოგავრება ჩემი აზრით იოლია. როგორც მესმის ყველაფერი წესრიგშია. როდის მოგვარდება? ვერ გეტყვით, ვნახოთ“ – იუწყება 72 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს A Bola.
27 სექტემბერს ერთა ლიგაში სტუმრად ნორვეგიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში რონალდუ სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ამის შემდეგ, მან ვარჯიში გამოტოვა. ფეხბურთელსა და პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მხარეებმა მოაგვარეს.30 სექტემბერს ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რონალდუ 1 ოქტომბერს დანიასთან გასამართ თამაშსაც გამოტოვებს.
ამის მერე, კრიშტიანუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობას ტოვებს და თავისი წასვლის მიზეზს მოგვიანებით განმარტავს.ის კოპენჰაგენიდან კერძო თვითმფრინავით მადრიდში დაბრუნდა
ჟეზუში და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა აეროპორტში შეეცადნენ რონალდუსთვის შეკრების დატოვება გადაეფიქრებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა და 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა – ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ამდენჯერ მეტოქის კარი არავის აუღია. მან პორტუგალიელთა შემადგენლობაში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ორჯერ ერთა ლიგა მოიგო – 2019 და 2025 წელს.
ლაშა თაბაგარი