მამარდაშვილი: „ჩვენი ოცნება კიდევ ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე თამაშია“

0
1

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თქმით, მიზანი და ოცნება ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე თამაშია. მან ამის თაობაზე ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში B ლიგის მე-2 ჯგუფში სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან 0:0 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა, რომლის მიწურულს პენალტი მოიგერია.
გიორგი მამარდაშვილი: “ფიზიკური თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ოცნება და მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო ჩემი საუკეთესო, რაც შემიძლია, გუნდში თუ ნაკრებში. ვცდილობ, რომ თავდაჯერებულობა გადავცე მთლიან გუნდს. ძალიან ვემზადებოდი ამ ოთხი თამაშისთვის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის ნაკრებში თამაში და ასევე იმიტომ, რომ დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა ჯერ კლუბში.
ჩემი აზრით, ცუდად არ მითამაშია არცერთ შეხვედრაში, გუნდსაც დავეხმარე რამდენიმე ეპიზოდში და, როგორც ვთქვი, ყოველთვის გრძელდება ბრძოლა ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს მოსულ ქართველ გულშემატკივარს”.
ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინას შეხვდება.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი A ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასულ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან და მე-3 ადგილზე გასული ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ერთ-ერთს  შეხვდება. ცნობისთვის, A ლიგიდან პირდაპირ ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდებიდან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ორი ვარდება.
B ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება. ჯგუფში მესამე პოზიციის მქონე ნაკრები ავტომატურად B ლიგაში რჩება.  მეოთხეადგილოსანი კი, B ლიგაში დასარჩენად, C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირება. C ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნები პირდაპირ B ლიგაში წინაურდებიან და მათ D ლიგის 6 გუნდი ემატებათ. ერთა ლიგის 2028-2029 წლების გათამაშება ახალი ფორმატით გაიმართება და D ლიგა უქმდება.
ლაშა თაბაგარი