საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

0
4

ალიანსი იმოქმედებს რაგბი ევროპის და მსოფლიო რაგბის ფარგლებში და წარადგენს ინიციატივებს, რომლებიც მთლიანად რეგიონში რაგბის განვითარებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ალიანსი ასევე დაიცავს წევრი ქვეყნების საერთო ინტერესებს შეჯიბრებების, კალენდრის, დაფინანსებისა და მმართველობის საკითხებში. ის ამ მიმართულებებით კოორდინირებულად იმოქმედებს.
საქართველოს, პორტუგალიის, რუმინეთისა და ესპანეთის რაგბის კავშირებმა ხელი მოაწერეს ოთხი ერის ალიანსის (IV Nations Alliance) დამფუძნებელ მემორანდუმს.
ეს არის ევროპის ოთხი მაღალი მიღწევების მქონე სარაგბო ქვეყნის სტრატეგიული ალიანსი, რომლებიც ექვსი ერის ჩემპიონატის ფარგლებს გარეთ არიან.
ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა ოთხი კავშირის შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერში საქართველოში გაიმართა. ალიანსის მიზანია ძალების გაერთიანება განვითარების ყველა მიმართულებით – სპორტიდან დაწყებული, ფინანსურ და კომერციულ განვითარებამდე, ასევე ინსტიტუციურ საკითხებამდე.
ოთხი ქვეყანა მიზნად ისახავს საკუთარ ქვეყნებში რაგბის კიდევ უფრო გაძლიერებას, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სპორტის უფრო ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური საფუძვლის შექმნას.
ალიანსის მუშაობის პირველი მიმართულებები მოიცავს:
1.მაღალი მიღწევების მიმართულებით, მწვრთნელთა განათლებისა და ასაკობრივი რაგბის სფეროებში თანამშრომლობას.
2. წევრ ქვეყნებს შორის ახალი, უფრო მაღალი დონის შეჯიბრებების ფორმატების შესწავლას.
3. ერთობლივი კომერციული შესაძლებლობების განვითარებას.
4. საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული პოზიციების ჩამოყალიბებას.
ალიანსს უხელმძღვანელებს მმართველი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც როტაციის პრინციპით განხორციელდება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დამფუძნებელი წევრების წარმომადგენლებმა:
საქართველო: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ, ასევე მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრმა გიორგი ნიჟარაძემ.
პორტუგალია: პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ და მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა ფრედერიკო სოუზამ.
რუმინეთი: რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალინ პეტრაკემ.
ესპანეთი: ესპანეთის სამეფო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ხუან კარლოს მარტინ ჰანსენმა და ვიცე-პრეზიდენტმა გაბრიელ საესმა.
„ახლა უფრო დიდი და ძლიერი ხმა გვაქვს, რათა განვითარება განვაგრძოთ,“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.
„ეს ალიანსი აძლიერებს პორტუგალიის ამბიციას, განვითარდეს და დამკვიდრდეს საერთაშორისო რაგბის უმაღლეს დონეზე,“ – განაცხადა პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველად გვაქვს შესაძლებლობა, ერთად გვქონდეს საერთო ხმა,“ – განაცხადა რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალინ პეტრაკემ.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ხელს შეუწყობს იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ,“ – განაცხადა ესპანეთის სამეფო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხუან კარლოს მარტინ ჰანსენმა.
rugby.ge