ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი ჯგუფის მოგებაა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მე-2 ჯგუფში ხვალ ჩრდილოეთა ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჯგუფის მოგება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი გუნდები შეგვხვდნენ. უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. თითოეულ ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი მიზანია მაქსიმალური რაოდენობის ქულების მოპოვება, ერთა ლიგის კარგად დასრულება და შემდეგ იმ ყველაფრისთვის მომზადება, რაც ყველას ერთად ძალიან გაგვახარებს. რაც შეეხება თამაშების გრაფიკს, ოთხი მატჩის ჩატარება ათ დღეში არც ერთი გუნდისთვის არ იქნება მარტივი. ძალიან რთული იქნება მატჩებს შორის აღდგენა.მაგრამ, როგორც მახსოვს, ორი-სამი წლის წინაც გვქონდა მსგავსი სიტუაცია. მაშინაც ოთხი თამაში ვითამაშეთ ათ დღეში და, თუ სწორად მახსოვს, ეს ყველაფერი კარგად ჩავატარეთ.ამიტომ გამოცდილება გვაქვს. ბიჭების მოტივაცია, ხარისხი და მომზადება ძალიან კარგ დონეზე მიმდინარეობს და ვფიქრობ, ყველაფრისთვის მზად ვართ.
გიორგი კვერნაძეს ყოველთვის განვითარება და სწავლა სურს. მას აქვს ყველა ის თვისება, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიოს და ყველაფერი შეძლოს, რაზეც ოცნებობს. ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ვცვლით რჩევებს და ერთმანეთს წარმატებებს ვუსურვებთ. მისი წარმატება ისე მიხარია, როგორც საკუთარი და ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს. მას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება. ყველაფერს სწორად აკეთებს და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს.
თავიდანვე ვიცოდით, რომ გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევდა თამაში. თუმცა, სანამ ჩამოვიდოდით, გავიგეთ, რომ ბავშვები თამაშზე დასასწრებად და ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდოდნენ. ზუსტად რამდენი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ისინი ჩვენთან იქნებიან. ალბათ, ჩვენთვის ეს ყველაზე სასიხარულო ამბავია. ჩემი აზრით, ყველაზე დიდ სიყვარულს სწორედ ბავშვებისგან ვგრძნობთ. თითოეული ფეხბურთელი მათთვის მაგალითია და ძალიან გაგვიხარდა, რომ ისინი მოვლენ, მხარს დაგვიჭერენ და იმედი მაქვს, თამაშის შემდეგ სახლში ბედნიერები წავლენ.
რაც შეეხება თორნიკე კვარაცხელიას, პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მას ახალგაზრდულ ნაკრებში ვხედავ. მას ყოველდღიურად გაწეული შრომა უფასდება. კარგი ბიჭია, ყოველთვის აქვს კითხვები და უფრო მეტის სწავლა სურს.იმედი მაქვს, ისეთი კარიერა ექნება, რომელიც ძალიან გააბედნიერებს. იმედი მაქვს, ჩემზე ბევრად წარმატებული კარიერა ექნება. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ძალიან მიხარია, რომ მის კარიერაში ეს ყველაფერი ხდება.„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოა. უდიდესი პატივია ამ ჯილდოზე ნომინირებული იყო და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს, პატარა ქვეყანას წარმოვადგენ. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საკუთარი ოცნებები აქვთ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამ ოცნებებს უფრო რეალურს ხდის. მათ ვაჩვენებთ, რომ პატარა ქვეყნიდანაც შესაძლებელია ამ დიდ რბოლაში მოხვედრა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის — თქვენ, ქართველ ხალხს და ყველა დანარჩენს”.
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





