გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში გოლი იტალიის სერია A-ს ზედოზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-4 ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-14 წუთზე შმიდის გადაცემის შემდეგ, კვერნაძემ მასპინძლების საჯარიმოში მარკანდალი ჩამოიშორა და ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „ჯენოადან“ პენალტი კოლომბომ ვერ გამოიყენა. 50-ე წუთზე გენუელებიდან ანგარიში ვასკესმა გაათანაბრა, რომელმაც 87-ე წუთზე უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
23 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში სერია A-ში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, გიორგიმ იტალიის თასზე „იუვე სტაბიასთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ფროზინონე“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





