“შავი ლომი” “ბენეტონთან” დამარცხდა

0
0

‘შავმა ლომმა’ 2026/27 წლების სეზონის პირველ მატჩში, „ავჭალაზე“ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის (URC) იტალიურ გუნდს, ‘ბენეტონს’ უმასპინძლა და სასარგებლო გამოცდილება შეიძინა.
მართალია შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (36:14), თუმცა ამ ეტაპზე შედეგზე ბევრად მეტად სხვა ფაქტორები იყო საინტერესო. გუნდმა პირველად ითამაშა პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, რამდენიმე მორაგბემ კი პირველად მოირგო ‘შავი ლომის’ კვართი. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და აქ მიღებული გამოცდილება, მომავალ შეხვედრებში ძალიან წაადგებათ.
სამწვრთნელო შტაბისთვის საინტერესო იყო მოთამაშეების საქმეში ხილვა, თანაც ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ‘ბენეტონია’ და დღეს მოედანზე ჯამში 32 მორაგბე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა, მწირი შესაძლებლობებისას გამოჩნდა პოტენციალი, რომელთა დახვეწისა და შეთამაშების შემდეგ, ‘შავი ლომი’ შეტევაში უფრო შემოქმედებითი იქნება და ოფიციალურ შეხვედრებში (ჩელენჯ თასზე), მეტოქეებს არაერთ პრობლემას შეუქმნის.
იყო ეფექტური მომენტებიც და იტალიელებს ოთხი ლელო გავუტანეთ, რომელთაგან ორი მცირედი წინთამაშის გამო გაუქმდა. პრობლემები გვქონდა დისციპლინის მხრივ, რასაც ჯარიმებთან ერთად ყვითელი ბარათებიც მოყვა და იყო უნებლიე შეცდომებიც, რის გამოც მეტოქისგან სამი ლელო მივიღეთ, სულ კი იტალიელებმა ექვსი ლელო მიითვალეს.
შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო და ხაზის გაჭრის შემდეგ ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში თავის დაცვა მოვახერხეთ. მე-8 წუთზე მეტოქემ მორკინალებით შემოგვიტია და მერე ბურთი ხაზზე გაიტანა, რასაც ბურთში ხელის ჩარტყმისთვის რომა მახათაძის სინბინი მოყვა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა თითქმის მთელი 10 წუთის განმავლობაში თავი დაიცვეს, მაგრამ მე-18 წუთზე მოლს ლელო მაინც მოყვა და ანგარიში გაიხსნა.
გაშვებული ლელოს შემდეგ ‘შავი ლომი’ გააქტიურდა, ფაზები აკინძა და მეტოქის ლელოს 5 მეტრამდე მიუახლოვდა. იქ ‘ბენეტონმა’ გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევაზე ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა აკა ტაბუცაძე ეპიზოდს არ გამოეთიშა, სისწრაფის ხარჯზე მანძილში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაფარა და ჩვენს 5-მეტრიანთან შესრულებული ბოჭვით გუნდი 100%-იანი ლელოსგან იხსნა.
37-ე წუთზე ტაბუცაძემ ერთხელაც გაიბრწყინა, ამჯერად შეტევაში. მოლის შემდეგ მარცხენა ფრთიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, ლუკა ცირეკიძემ ბოლო მცველი აიყვანა და ოვალი ტაბუცაძეს გაატანა, რომელმაც ის ლამაზ ნახტომში ალამთან ცალი ხელით დაამიწა. ცირეკიძემ ურთულესი პოზიციიდან გარდასახა და დაგვაწინაურა, მაგრამ თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი ვერ ავიღეთ და ფაქტობრივად არაფრისგან ლელო მივიღეთ – 7:10.
მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. დებიუტშივე ტაბუცაძე სინბინით დაისაჯა და ერთ წუთში მესამე ლელო მივიღეთ. 48-ე წუთზე ცირეკიძეს 22-იდან ფეხით მოგერიებისას დაუფარეს და მეოთხე ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 58-ე წუთზე იტალიელმა ფორვარდებმა ფაზები აკინძეს და მორიგი ლელო მიითვალეს, ათ წუთში კი ბურთი 22-ის მისადგომებთან დავკარგეთ, ‘ბენეტონი’ შეტევაში სწრაფად გადაერთო და უპირატესობა 29 ქულამდე გაზარდა.
თამაში რომ განახლდა შოთა ხელაძემ რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი მიზანს გიორგი სინაურიძემ უწია, მაგრამ საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთო და რაქში წინთამაშის გამო ეს ლელო გაგვიუქმდა. ხელაძეს კარგი გარჯა 74-ე წუთზე დაუფასდა. ფორვარდებმა ფაზები აკინძეს და ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, ხელაძემ კი ლელო გაიტანა და მონაგარს გარდასახვიდან ორი ქულა მათე მახარაძემ შემატა. ბოლო წუთზე ოფლოუდის შემდეგ ხაზი თემურ ძოძუაშვილმა გაჭრა და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დამიწებამდე მან ვარდნისას ბურთზე კონტროლი დაკარგა და თამაში 14:36 დასრულდა.
ახლა ‘შავი ლომი’ ინგლისში გაემგზავრება, სადაც 18 სექტემბერს პრემიერშიფის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონთან’ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ამხანაგური მატჩი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) – ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 14:36 (7:10)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა: დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ნარმანია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დავით არველაძე, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე; თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, ოთარ მეტრეველი.

2 ლელო: ტაბუცაძე, ხელაძე

2 გარდასახვა: ცირეკიძე, მახარაძე