ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ხოლო საერთო ჯამში წაუგებელი სერია რვამდე გაზარდა.
ამჯერად, ბათუმელებმა გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა – ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე კირკიტაძის დარტყმული ბურთი ხედა ძელს მოხვდა, ხოლო ნოდარ გუჯაბიძეს გოლი მამუკა კობახიძემ არ გაატანინა, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
48-ე წუთზე ალბანელი უერდი მარას გადაცემის შემდეგ, კირკიტაძემ მეტოქის საჯარიმოში მეკარე პაპუნა ბერუაშვილს დაასწრო და თავით დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, მაგრამ „დინამოს“ გარემარბმა მუხლით ცარიელ კარში გაიტანა – 0:1.
ამის შემდეგ, „რუსთავმა“ მეტოქის კართან ვითარება ერთხელ გაამწვავა, როდესაც გუჯაბიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და რეკოშეტის მერე, ნოდარ ყალჩავამ ნახტომში სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ბათუმელებს 40 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან – გია ცეცაძის დამოძღვრილ „რუსთავს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ლაშა თაბაგარი





