კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 66-ე წუთზე რუსთაველთა საუკეთესო ბომბარდირი ბრაზილილი ჟან ალმეიდა მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
69-ე წუთზე „რუსთავის“ ფეხბურთელმა კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების კაპიტან ომარ პატარკაციშვილის თავიდან ბურთი საჯარიმოში ვაჟა ფაცაციას მიუვიდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1.
82-ე წუთზე „სამგურალმა“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და მარცხენა ფლანგიდან გიგი გოგიას ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც შეცვლაზე შესულმა ნიკა ცეცხლაძემ მცველ ნიკა ჩიქოვანს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა – 1:1. მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ნიგერიელმა გილმორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
გია ცეცაძის გაწვრთნილ „რუსთავს“ 42 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 32 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





