უნაი ემერი: „კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტია“

0
6

ბირმინგემის „ასტონს ვილას“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია წელს „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი პრეტენდენტია. მან ამის შესახებ უეფას ევროპის სუპერთასზე პსჟ-სთან 1:2 წაგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც ანგარიში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გახსნა.
„ჩემი აზრით კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტია. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.
მან დღეს ისევ გაიტანა. ჩვენ ვცდილობდით ხელი შეგვეშალა, მაგრამ თავისი თვისებები მაინც გამოავლინა. ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ მას ყველაფერი აქვს, რომ „ოქროს ბურთი“ მოიგოს“ – იუწყება ფრანგული მედია ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს.
ცნობისთვის, 2015 წელს თბილისში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა „ბარსელონამ“ სუპერთასისთვის ბრძოლაში „სევილია“ 4:3 დაამარცხა, რომელსაც ემერი ხელმძღვანელობდა. ემერიმ სამწვრთნელოს კარიერაში სუპერთასისთვის ოთხივე შეხვედრა წააგო.
ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი