ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც უეფას ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ მატჩში ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-მ ევროპა ლიგის თასის მფლობელი ბირმინგემის „ასტონ ვილა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-20 წუთზე კვარაცხელიამ ბურთი ინგლისელთა საჯარიმოში მიიღო და ერთი მეტოქის ჩამოცილების შემდეგ, ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
45-ე წუთზე მაკგინის გადაცემის მერე, მაჯომ პარიზელთა მცველ პაჩოს აჯობა და ერთი შეხებით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 17 წლის მაჯო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სუპერთასზე გოლი შეაგდო.
61-ე წუთზე დემბელემ მეტოქის ნახევარზე დუე მოძებნა, რომელიც საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში გაიტანა. თავდაპირველად მასზე თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ სომალელმა არბიტრმა არტანმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და კარის აღება დააფიქსირა.
შეცვლამდე კვარაცხელიას დუბლის შეასრულება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა არაზუსტად დაარტყა. ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





