გერმანელის დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ტიტული მოიგო. „მიხეილ მესხზე“ გამართული სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალში ქუთაისელებმა თბილისის „იბერია“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და არსებობის ისტორიაში სუპერთასი მეოთხედ აღმართეს.
მატჩის მე-5 წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოედნის ცენტრიდან კარგი პასი მისცა მარჯვენა ფლანგზე გახსნილ გიორგი არაბიძეს, რომელიც საჯარიმოში შევიდა და სერბი კომნენ ანდრიჩი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა – 0:1.
34-ე წუთზე „იბერიას“ ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თავით ბურთის მოგერიების დროს შეცდომა დაუშვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა არაბიძემ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:2.
37-ე წუთზე „იბერიას“ ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან ძალიან კარგი პასი გაუკეთა საჯარიმოში ვახო ბედოშვილს, რომელიც მეკარესთან მარტო აღმოჩნდა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2.
76-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა გადაცემა „ტორპედოს“ საჯარიმოში ნიკოლოზ დადიანს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით „ცხრიანში“ გაიტანა. 83-ე თბილისელებს ელდარ კულიევი უხეშობისთვის გაუძევეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და რეგლამენტის თანახმად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ტორპედომ“ 6:5 მოიგო.
მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის „დინამომ“ ასევე თერთმეტმეტრიანებით გორის „დილა“ 4:2 დაამარცხა – შეხვედრის ძირითადი დროს 0:0 დასრულდა.
„იბერია“ – „ტორპედო“ 2:2 (1:2) (5:6. პენ.)
1 ივლისი.თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“: მაკარიძე, დადიანი, ქარდავა (კ), ძაგანია (სიხარულაშვილი, 59), ნაჭყებია (ღუდუშაური, 77), ბართიშვილი (კულიევი, 77), ზოური, ბედოშვილი, ამისულაშვილი, კუცია (ჯინჯოლავა, 68), ბოჭორიშვილი (ქობულაძე, 77).
მთავარი მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო
„ტორპედო“: გოშაძე, ვარლეი და სილვა (შერიფი, 76), შიმიჩი, მამუჩაშვილი (კ), ანდრიჩი, არაბიძე (პინსონი, 66), ფილიპე პირესი, კუპრავა, სორი მანე, სკორუპი (დეისაძე, 55), ბუკია.
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი.
გოლები: 0:1 ანდრიჩი (5), 0:2 არაბიძე (34), 1:2 ბედოშვილი (37), 2:2 დადიანი (76).
გაფრთხილება: ბუკია (13), არაბიძე (17), შერიფი (90+2).
გაძევება: კულიევი (83).
პენალტები:
ზოური 1:0, ანდრიჩი 1:1, დადიანი 2:1, ფელიპე პირესი 2:2, ქობულაძე 3:2, მამუჩაშვილი 3:3, ჯინჯოლავა 4:3, პინსონი 4:4, ღუდუშაური 5:4, შიმიჩი 5:5, სიხარულაშვილი 5:5 (მეკარე), დეისაძე 5:6.
ლაშა თაბაგარი





