ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ორი ტაიმის განმავლობაში რწმენა არ დაუკარგავთ.
„რწმენა არ დაგვიკარგავს. ყველაზე ცუდი სტარტი გვქონდა რაც შესაძლოა წარმოგვედგინა – მეტოქის პირველი დარტყმა და პირველი გაშვებული გოლი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაგვიჭირდა. პირველი წყლის პაუზის შემდეგ თამაშში დავბრუნდით.
ვფიქრობ, პენალტის დარტყმის უფლებას ვიმსახურებდით. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები თამაშში კარგად ჩაერთვნენ და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ ბევრი მუშაობა მოგვიწია.
ასეთი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ – თუ გაგვიჭირდება მოთმინება და რწმენა არ უნდა დავკარგოთ. მეტოქის მეკარემა დაუჯერებლად კარგად ითამაშა. კეინი? ის კიდევ უფრო საუკეთესო ხდება“ – იუწყება BBC გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს.
განვლილი მატჩის მე-7 წუთზე ინგლისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა სუპენგამ ახლო კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა. 75-ე წუთზე გორდონმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და კეინმა თავით ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე გორდონის პასის მერე, კეინი ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა. ინგლისის ნაკრებმა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოახერხა, რომ გოლი გაუშვა და თამაში მოიგო. მაშინ, ბრიტანელებმა ეს ფინალში გერმანიასთან მოახერხეს.
ინგლისელთა კაპიტანმა მიმდინარე მუნდიალზე ხუთი ბურთი შეაგდო. მან მსოფლიო პირველობებზე თავის 13-ჯერ გამოიჩინა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ პელეს გაასწრო, ხოლო ფრანგ ჟიუსტ ფონტენს გაუთანაბრდა – გერდ მიულერს, რონალდოს, მიროსლავ კლოზეს. კილიან მბაპეს და ლიონელ მესის ჩამორჩება. კეინმა ბოლო წლის განმავლობაში ნაკრებში და კლუბში ჩატარებულ 66 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო.
გორდონი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეცვლაზე შესულმა პლეი-ოფში ორი საგოლე პასი გააკეთა. ინგლისის ნაკრები 1/8-ფინალში მექსიკას შეხვდება. თამაში 6 ივლისს საქართველოს დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





