“შავმა ლომმა” სამხრეთ აფრიკული ტურნე “ჩიტასთან” მარცხით დაასრულა

0
3

‘შავმა ლომმა’ „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი, სამხრეთ აფრიკული ეტაპის დასკვნით მატჩში, მასპინძელ ‘ტოიოტა ჩიტასთან’ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო – 31:47.
ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ჯამში 4 ლელო გაუტანა, რითაც ერთი ნუგეშ-ქულა მოიპოვა და შემოდგომაზე საქართველოში გასამართ მეორე ეტაპს 6 ქულით ხვდება. ‘შავმა ლომმა’ პირველ ტურში ‘აირლინკ პუმასი’ ბონუსით 46:36 დაამარცხა, მეორე და მესამე კი, შესაბამისად, ‘სუზუკი გრიქასთან’ (21:56) და ‘ტოიოტა ჩიტასთან’ დათმო.
აღსანიშნავია, რომ სამი ევროპული გუნდიდან (პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და რუმინეთის ა ნაკრები), ‘შავი ლომი’ ერთადერთია, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში გამარჯვება მოიპოვა.
‘ჩიტასთან’ ჩატარებულმა პირველმა ტაიმმა გააჩინა მოლოდინი, რომ ქართული ფრენჩაიზი მეორე გამარჯვებასაც მოიპოვებდა, თუმცა ბევრმა ჯარიმამ, რის შედეგადაც 50-ე წუთზე წითელი ბარათით გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი დავკარგეთ, ამის შესაძლებლობა არ მოგვცა.
მანამდე ‘შავი ლომი’ მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ჯაბნიდა. მაღალი ინტენსივობის თამაშში, ის ეფექტური იყო შეტევასა და კონტაქტის არეში, ასევე შერკინებაში, რასაც დაცვაში საიმედო და თავგანწირული გარჯაც ერთვოდა, თუმცა ამან დიდი ენერგია წაიღო და რიცხობრივ უპირატესობასთან ერთად, ‘ჩიტასმა’ სასურველი შედეგის დაფიქსირებაც მოახერხა.
მასპინძლები მატჩის დებიუტში ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ, რაზეც სტუმრებმა ორ წუთში უპასუხეს და გიორგი სინაურიძემ ძალისმიერი ლელო შეიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და ეს ლელო ლაშა ციხისთავისგან ბლოკირების დაფიქსირების გამო გააუქმა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ კვლავ ფორვარდებით შევუტიეთ და სინაურიძემ თავისი წილი ლელო მაინც გაიტანა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
მე-11 წუთზე მერლს პიტერსის ფეხით მოკლე გადაკიდების შემდეგ, აფრიკელებმა ბურთი ვერ დაიმორჩილეს, ის რომა მახათაძემ აიტაცა და ლელომდე დაახლოებით 35 მეტრი ირბინა. ცირეკიძემ გარდასახა. ამის შემდეგ ორი ლამაზი, სანახაობრივი შეტევა გვქონდა, რომელიც ლელოთი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში შეცდომები დავუშვით და ცირეკიძე ჯარიმით აღებულ 3 ქულას დასჯერდა.
ხშირად რომ ვჯარიმდებოდით რეფერიმ 30-ე წუთზე მიხეილ ბაბუნაშვილი შეტევის განზრახ ჩაშლისთვის გაასინბინა. ტაიმის ბოლომდე დარჩენილი დროის წილი ჩვენს 22-ში, დაცვაში გავატარეთ და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეტოქეს ლელო არ გავატანინეთ. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება – ტრავმები გიორგი ცუცქირიძემ და ლაშა ციხისთავმა მიიღეს.
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ძალისმიერი შეტევა დავით აბდუშელიშვილის ლელოთი დასრულდა და ცირეკიძემ გარდასახვით სტუმართა უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა, მაგრამ თამაშის განახლებიდან 2 წუთში, მაღალი ბოჭვისთვის ბაბუნაშილმა მეორე ყვითელი, შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
‘ჩიტასი’ ინიციატივას დაეუფლა და 62-ე წუთამდე გატანილი სამი გარდასახული ლელოთი წინ გაიჭრა – 28:24. 67-ე წუთზე ამტყდარი გაწევ-გამოწევის შემდეგ, რეფერიმ მეტოქის მორაგბესთან ერთად ოთარ გიორგაძეც გაასინბინა. მასპინძლებმა გაჩენილი სივრცეები კარგად გამოიყენეს და კიდევ სამი ლელო მიითვალეს, საიდანაც ორი გარდასახეს.
გაწითლებულ დროზე გიორგი სპანდერაშვილის კარგი თამაშისა და ოფლოუდის შემდეგ, თორნიკე კახოიძემ ‘შავი ლომის’ მეოთხე ლელო გაიტანა, რითაც ჩვენს გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა, ცირეკიძემ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 47:31.

2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”. III რაუნდი

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”. 14 ივნისი

შავი ლომი – ტოიოტა ჩიტასი 31:47 (17:7)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

4 ლელო: სინაურიძე, მახათაძე, აბდუშელიშვილი, კახოიძე

4 გარდასახვა: ცირეკიძე

1 ჯარიმა: ცირეკიძე

1 წითელი: ბაბუნაშვილი

2 ყვითელი: ბაბუნაშვილი, გიორგაძე

5 ივნისი

შავი ლომი – აირლინკ პუმასი 46:36

სუზუკი გრიქასი – რუმინეთი ა 35:20

ტოიოტა ჩიტასი – ლუზიტანუში 54:24

10 ივნისი

სუზუკი გრიქასი – შავი ლომი 56:21

აირლინკ პუმასი – ლუზიტანუში 57:24

ტოიოტა ჩიტასი – რუმინეთი ა 47:14

14 ივნისი

სუზუკი გრიქასი – ლუზიტანუში 76:7

აირლინკ პუმასი – რუმინეთი ა 46:26

ტოიოტა ჩიტასი – შავი ლომი 47:31
rugby.ge