კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში თბილისის „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელი „სპაერი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის მე-19 წუთზე ნიკოლოზ დადიანმა პასი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ბრაზილიელ თავდამსხმელ ლუკას კაფეს მისცა, რომელიც მცველმა ნიკა ჩაგუნავამ წააქცია და არბიტრმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა. ანდრია ბართიშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში თბილისელთა მაისურით მეორე გოლი გაიტანა.
შესვენებამდე კაფეს ანგარიშის გაზრდა ორჯერ შეეძლო – ჯერ სოლო რეიდის დროს სამ მოწინააღმდეგეს გაექცა და საჯარიმოს გარედან სუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ „სპაერის“ საჯარიმოში მყოფმა ბურთი გვერდი ძელს მოახვედრა.
59-ე წუთზე საბა გეგიაძე ფინტით „იბერიას“ საჯარიმოში ლუქსემბურგელ მცველ ვაჰიდ სელიმოვიჩს გაცდა და ბურთი ზურაბ გოლუბიანს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით შეაგდო.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გუგა ნერგაძის გაწვრთნილი მოქმედი ჩემპიონი 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა,
ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერს“ 21 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





