საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ აშშ-სთან ამხანაგური შეხვედრა წასაგები არ იყო. მან ამის შესახებ ბულგარულ შეკრებაზე ამერიკელებთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “განსხვავებული შეკრებაა, რადგან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, რაც ძირითადი ბირთვის არყოფნაში გაუჩნდათ და უნდა ეცადონ, რომ ეს შანსი გამოიყენონ. ჩვენი საზრუნავი სექტემბრის ძალიან რთული თამაშებია და ყველანაირად ვეცდებით, ამ მატჩებს მზადყოფნაში შევხვდეთ.
უშუალოდ აშშ-სთან მატჩს რაც შეეხება, განსხვავებული სტილის გუნდს ვეთამაშეთ, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. მიამჩნია, რომ წასაგები თამაში ნამდვილად არ გვქონდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის ბოლოს გაგვიჭირდა, რადგან ძალიან დიდი სხვაობა იყო ფიზიკურ მომზადებაში, ეს კი თვალნათლივ ჩანდა.
შევეცდებით, შემდეგ თამაშში თავის გამოჩენის შანსი ყველას მივცეთ, რომ არ გამოგვეპაროს არცერთი ფეხბურთელი – ლეგიონერი იქნება ეს, თუ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე. მთავარი მიზანია, შემოდგომის ურთულეს სათამაშო “ფანჯარას” მზადყოფნაში შევხდეთ”.
ჩვენი 21-წლამდელები ბულგარეთში მომდევნო სპარინგს 9 ივნისს მოლოდვასთან ჩაატარებენ.





