“შავმა ლომმა” “პუმასი” დაამარცხა

0
2

‘შავმა ლომმა’ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი მატჩში, ‘აირლინკ პუმასის’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და მეტოქე 46:36 დაამარცხა.
ეს იყო ტურნირის გახსნითი მატჩი, რომელიც წელს გაუმჯობესებული, დახვეწილი სისტემით ტარდება და მასში ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის, ქარი ქაფის კლუბები – ‘აირლინკ პუმასი’, ‘სუზუკი გრიქასი’ და ‘ტოიოტა ჩიტასი’; და სამი ევროპული გუნდი – ‘შავი ლომი’, პორტუგალიის ნაკრები და რუმინეთის ა ნაკრები. თითო სათამაშო დღეს (5, 10 და 14 ივნისი), ევროპული გუნდები ადგილობრივ კლუბებს შეერკინებიან.
საგულისხმოა, რომ წელს “ტოიოტა ჩელენჯი” ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს სამხრეთ აფრიკა, ბლუმფონტეინი მასპინძლობს და თამაშები ‘ტოიოტა ჩიტასის’ შინაურ არენაზე – “ტოიოტა სთედიუმზე” იმართება, რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს. აი მეორე ეტაპს კი შემოდგომაზე საქართველო, თბილისი უმასპინძლებს და აქაც იგივე ევროპული გუნდები სამხრეთ აფრიკულ კლუბებს შეერკინებიან.
“ტოიოტა ჩელენჯის” პირველი ეტაპის გახსნით მატჩში, დიდი ხნის უთამაშებელი ‘შავი ლომი’ ქარი ქაფის გასული სეზონის მე-5 ადგილოსან ‘აირლინკ პუმასს’ დაუპირისპირდა, რომელიც თავის მხრივ მომავალი სეზონისთვის ემზადება. მატჩის პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს შეუთამაშებლობა ეტყობოდა. განსაკუთრებით არეულად ვმოქმედებდით დაცვაში და ხშირად ვჯარიმდებოდით, თუმცა გვქონდა კარგი ეპიზოდებიც.
მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, ‘შავი ლომი’ სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა. სასიამოვნოა, რომ ქართველები სამხრეთ აფრიკელებთან სრულად დომინირებდნენ შერკინებასა და მოლში, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ დერეფანში და რამდენიმე ეპიზოდში, ხაზშიც შესანიშნავად გაშალეს ბურთი.
ჩვენი გუნდის რიგებში სამი მოთამაშის დებიუტი შედგა. ‘არმიას’ სამხრეთ აფრიკელი მგეზავი მერლს პიტერსი, გახდა პირველი ლეგიონერი, რომელმაც ‘შავი ლომის’ კვართი ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო. გუნდში პირველი თამაში ჩაატარეს ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ოთია გიორგაძემ და ვანო ფუტკარაძემ.
ქარი ქაფის 2022 წლის ჩემპიონთან, ‘შავმა ლომმა’ თამაში აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე დაწინაურდა. ფეხით გადაკიდებულ ბურთზე კარგად ითამაშა ახალწვეულმა რომა მახათაძემ, რომელმაც მეტოქეს ორთაბრძოლა მოუგო, წინ წაიწია და ძელებსშუა ოთია გიორგაძე შეუშვა, რომელმაც დებიუტი ლელოთი აღნიშნა, ლუკა ცირეკიძემ კი გარდასახა. მე-10 წუთზე მეორე, ლამაზი ლელო გავიტანეთ. 11 ფაზის შემდეგ, კახაბერ დარბაიძემ გადაცემა ზურგს უკან გააკეთა, შებოჭილმა თორნიკე კახოიძემ მახათაძეს ოფლოუდი ამოუგო, რომელმაც მარცხენა ფრთაზე შეტევაში ჩართული ცირეკიძე მოძებნა და მანაც ლელო ალამთან გაიტანა.
ამას დაახლოებით 20-წუთიანი ჩავარდნა მოყვა. ხშირად რომ ვჯარიმდებოდით, ფაქტობრივად უბურთოდ დავრჩით, რასაც გაცუდებული ბოჭვები დაერთო და ‘აირლინკ პუმასმა’ სამი გარდასახული ლელოთი გვიპასუხა. ტაიმის დასკვნით 10 წუთში ბურთი დავიბრუნეთ და შეტევაში ქულებიც ავიღეთ. 36-ე წუთზე 5-მეტრიანთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი გიორგი სინაურიძემ გაიტანა და თენგიზ პერანიძეს გადააწოდა, მან დაქნევით აფრიკელთა მთელი დაცვა დააბნია, ხაზი გაჭრა და ჩვენი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. არაზუსტი გარდასახვის შემდე, ტაიმის გაწითლებულ დროზე, მერლს პიტერსმა კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა – 20:21.
მეორე ტაიმი ‘პუმასის’ მოლით და გარდასახული ლელოთი დაიწყო, თუმცა ‘შავი ლომი’ შესვენების შემდეგ ბევრად უფრო ორგანიზებულად თამაშობდა და ინიციატივას მალევე დაეუფლა. 50-ე წუთზე მეტოქეს კარგად აგორებული მოლით ვუპასუხეთ, რომელიც ‘პუმასმა’ წესების დარღვევით ჩააქცია და საჯარიმო ლელოსთან ერთად, სინბინითაც დაისაჯა.
57-ე წუთზე ‘პუმასმა’ კონტაქტის არეში ზედიზედ რამდენჯერმე იმძლავრა და ალამთან გატანილი ლელოთი უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘შავმა ლომმა’ ლიდერობა მალე დაიბრუნა. პერანიძის ფეხით გადაკიდების შემდეგ, მცველმა ბურთი ვერ დაიმოჩილა, ის ჩვენმა ჰავბეკმა აიტაცა, თამაში ავაჩქარეთ, ოვალი ფრთაზე სწრაფად ჩავათამაშეთ და ლაშა ციხისთავმა ლელო გაიტანა, ხოლო პიტერსმა გარდასახვით დაგვაწინაურა.
63-ე წუთზე ცირეკიძეს შესანიშნავი თამაშის შემდეგ, აკაკი ტაბუცაძემ ლელო გაიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, წინ-პასი დააფიქსირა და ერთი შეხედვით ნაღდი ლელო გაგვიუქმა. ‘პუმასმა’ იგრძნო, რომ ინიციატივა მეტოქის მხარეს გადავიდა და 68-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საკუთარ გუნდს ლიდერობა დაუბრუნა, თუმცა ამით თამაში ვერ გადაარჩინა.
71-ე წუთზე ‘შავი ლომის’ მოლმა კიდევ ერთხელ იმძლავრა, აფრიკელებს უკან სწრაფად დაახევინა და ირაკლი ქვათაძის ლელო პიტერსმა გარდასახა. ‘პუმასმა’ გაიბრძოლა, თუმცა ჩვენს 5-მეტრიანში თავი კარგად დავიცავით, 77-ე წუთზე კი დამაგვირგვინებელი ლელო გავიტანეთ. მეტოქის 22-თან დაყენებულ მოლს ქვათაძე მოწყდა და ბურთი გიორგი სპანდერაშვილს გაატანა, რომელმაც შეტევაში ტაბუცაძე ჩართო და ჩვენმა მელელოვემ თავისი წილი ლელო მაინც გაიტანა – 46:36. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ცირეკიძე გახდა.
ამრიგად, ‘შავმა ლომმა’ “ტოიოტა ჩელენჯის” პირველ მატჩში ბონუს-ქულით გაიმარჯვა და მომდევნო თამაშს 10 ივნისს, ‘სუზუკი გრიქასის’ წინააღმდეგ ჩვენი დროით 15:30 საათზე გამართავს.

2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”

შავი ლომი – აირლინკ პუმასი 46:36 (20:21)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. ოთია გიორგაძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ვანო ფუტკარაძე; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ზაურ ლუტიძე.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

სუზუკი გრიქასი – რუმინეთი ა (17:30)

ტოიოტა ჩიტასი – პორტუგალია (20:00)

10 ივნისი

სუზუკი გრიქასი – შავი ლომი (15:30)

აირლინკ პუმასი – პორტუგალია (17:30)

ტოიოტა ჩიტასი – რუმინეთი ა (20:00)

14 ივნისი

სუზუკი გრიქასი – პორტუგალია (14:00)

აირლინკ პუმასი – რუმინეთი ა (16:00)

ტოიოტა ჩიტასი – შავი ლომი (18:30)