სანტანდერის „რასინგი“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი სადებიუტო სეზონს ატარებს, მომავალ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს. სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში სამტანდერელებმა შინ „ვალიდოლიდი“ მიიღეს და 4:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 23-ე წუთზე მარჯვენა ფეხის კოჭის ტრავმის გამო შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ვილილიბრემ 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ჯაუაბიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 59-ე წუთზე უხეშობისთვის სტუმრებს მცველი კლერკი გაუძევეს.
62-ე წუთზე მარტინმა პენალტიდან მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა, 73-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე საბოლოო წერტილი კამარამ დასვა.
„რასინგი“ 78 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 2 საუკეთესო გუნდში მოხვედრა გაინაღდა, რაც მომავალ სეზონში ლა ლიგაში თამაშის გარანტიაა. გულიაშვილმა სეგუნდა დივიზიონში 17-ჯერ ითამაშა და 6 გოლის გატანის გარდა, 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





