გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანში“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ჯერ უცნობია საფეხბურთო კარიერას განაგრძობს თუ დაასრულებს.
სეზონის დასკვნით შეხვედრაში „სლოვანი“ შინ „მიხალოვცესთან“ 0:2 დამარცხდა. კაშია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ, გურამს, ასევე უმცროს ვლადიმირ ვაისს, რობერტ მაკს და მარტინ ტრნოვსკის, რომლებიც „სლოვანიდან“ წავიდნენ, საპატიო კორიდორი ორივე გუნდის ფეხბურთელებმა გაუკეთეს. “მიხალოვცეს” მოთამაშეებს შორის ცენტრალური მცველი ცოტნე ძოწენიძეც იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ბრატისლაველთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უფროსმა ვლადიმირ ვაისმა დატოვა, რომელიც სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის.
38 წლის კაშია „სლოვანში“ 2021-2026 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 200 მატჩში 15 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა. ის სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ 5-ჯერ გახდა. გურამმა თამაშის მერე ბრატისლაველთა გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა. კაშია 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრების მაისურს ბოლოჯერ მოირგებს. იგი 129-ე მატჩს ჩაატარებს, რაც ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში რეკორდია.
ლაშა თაბაგარი





