„გაგრამ“ და „რუსთავმა“ უამინდობაში ქულები გაიყვეს

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შედგა, სადაც „გაგრამ“ „რუსთავი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ძლიერმა ქარმა მატჩის სანახაოებრივ მხარეს დიდი დაღი დაასვა. 23-ე წუთზე დავით უბილავამ შორი მანძილიდან დაარტყა და „გაგრელთა“ საჯარიმოში ბურთი ხელში მცველ ზურაბ ჭავჭანიძეს მოხვდა. მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ეს ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ვაჟა ფაცაციამ ვერ გამოიყენა – მასპინძლების უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ კუთხე გამოიცნო და ბურთი მოიგერია. შესვენებამდე მეტი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
49-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ კუთხური ჩააწოდა და ქარის გამო ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა, ხოლო მიწაზე დაცემის შემდეგ კარში აღმოჩნდა. ამ ეპიზოდში რუსთაველები ვერ გადაარჩინა მეკარე როლანდ ჯობავამ, რომელიც ტრავმირებულ 21-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერ პაპუნა ბერუაშვილს ცვლიდა.
72-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს თავის გამოჩენის შანსი საბა ზოიძეს ჰქონდა, რომელიც საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ ბურთი კარის გვერდით ძელს მოხვდა.
გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „რუსთავმა“ 20 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიის გაწვრთნილ „გაგრას“ 11 ქულა აქვს და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი