„დინამომ“ „სპაერს“ მინიმალურად აჯობა

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა, სადაც თბილისის „დინამომ“ „სპაერი“ მიიღო და ერთბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის 28-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა მოედნის ცენტრიდან დიაგონალური პასი მარცხენა ფლანგზე განელ დონკორს გაუკეთა, რომელმაც ჯერ სტუმართა კაპიტან ნიკოლოზ კენჭაძეს გაასწრო, ხოლო საჯარიმოში შესულმა ბუხუტი ფუტკარაძესაც დაასწრო, რომლის ფეხიდან ბურთი ისევ აფრიკელს მიუვიდა და თავით კარში ადგილი მიუჩინა – 1:0.
33-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა კენჭაძემ ცუდად დაარტყა და ბურთს კოტდივუარელი აბდულაე იორო დაეუფლა, რომელმაც თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და დაარტყა – ფუტკარაძის მოგერიების შემდეგ კუთხური დაინიშნა. სტანდარტული ნიკა ნინუამ შეასრულა და მათე ვაწაძის თავურის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და კარის ხაზი ჰაერში გადაკვეთა, რის შემდეგ ფუტკარაძე დაეუფლა. „სპაერის“ ფეხბურთელების აზრით გოლი არ იყო, მაგრამ არბიტრმა ჯენერი ხორავამ თავისი პირველი გადაწყვეტილება არ შეცვალა და ანგარიში გაიზარდა – 2:0.
პირველი ტაიმის მიწურულს გოჩა ცირდავამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა. მეორე ტაიმის შუაწელში იმავე ცირდავა ლორიასთან პირისპირ დარჩა, თუმცა, „დინამოს“ კაპიტანს ისევ ვერ აჯობა.
82-ე წუთზე ცირდავამ „დინამოს“ საჯარიმოში დანიელ ქვარცხავა ორჯერ მოატყუა და პასი შეცვლაზე შესულ ზურაბ გოლუბიანს მისცა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა – 2:1.
79-ე წუთზე ნინუამ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ფუტკარაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ზარიამ დაახლოებით 30 მეტრიდან „გაისროლა“ და ფუტკარაძემ ისევ საიმედოდ ითამაშა. 86-ე წუთზე შეტევაში მარცხნიდან ჩართულმა გიორგი პირტახიამ პასი საჯარიმოშ გახსნილ გიორგი ცეცხლაძეს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ ლორიამ „დინამო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა. მატჩის მიწურულს დონკორს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ კართან ახლოს მყოფმა ფუტკარაძისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება მოინდომა, რაც ძალიან ცუდად გააკეთა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ქვარცხავამ ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და ფუტკარაძე ბურთს დაეუფლა. ამის შემდეგ ჰალიდ დოლტმურზიევი დარჩა ფუტკარაძესთან მარტო და დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „დინამოს“ 15 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერმა“ თავი 12 ქულას მოუყარა და მეექვსეა. ცნობისთვის, განვლილ მატჩს კიღურაძემ დისკვალიფიკაციის გამო თვალი ტრიბუნიდან ადევნა.
ლაშა თაბაგარი