მიქაუტაძის პირველი დუბლი ლა ლიგაში და მატჩის საუკეთესოს წოდება

0
7

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „ვილიარეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ესპანეთის ლა ლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
34-ე ტურში „ვილიარეალმა“ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „ლევანტ“ მიიღო და 5:1 გაანადგურა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 73 წუთი გაატარა.
შეხვედრის სტარტზე სანტი კომესანიას შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამის მერე, მეტოქის საჯარიმოშ მყოფმა მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ორჯერ არაზუსტად დაარტყა. ცოტა ხანში, მან სტუმართა ნახევარზე ბურთი ორ მცველთან ორთაბრძოლაში მიიღო და კარში სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად გაგზავნა.
38-ე წუთზე „ლევანტეს“ მცველმა მატიას მორენომ თავის საჯარიმოში ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელიც მიქაუტაძეს დარჩა და ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ოსტატური გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე მიქაუტაძემ კარგად შეიგდო ბურთი და საჯარიმოში შეჭრილს ფეხებში პამპინი ჩაუვარდა, რომელმაც დარტყმის საშუალება არ მისცა. ამ ეპიზოდში მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ “ლევანტეს” ფეხბურთელი გიორგის ფეხზე შეეხო.
51-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მარტინესმა საჯარიმოში ჩააწოდა და ესპიმ თავით ანგარიში გაათანაბრა. 62-ე წუთზე მოლეირომ მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ძლიერი დარტყმით ეფექტური ბურთი შეაგდო.
68-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პეპემ კარის წინ მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 29 თამაშში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ასევე, მიქაუტაძემ თითო ბურთი ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში მიითვალა.
87-ე წუთზე შეცვლაზე ცოტა ხნით ადრე შესულმა ბუქანანმა დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტად „გაისროლა“. 90-ე წუთზე პეპე „ლევანტეს“ საჯარიმოში ორ მოთამაშეს გაცდა და საბოლოო წერტილი დასვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიქაუტაძე დაასახელეს, რომელსაც მსგავსი პატივი წილად ამ სეზონში პირველად ხვდა.
„ვილიარელი“, რომელმაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში გაინაღდა, 68 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი